კარგი საუბარი იყო ნამდვილად. რაც მთავარია, არის სურვილი, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს, მეტად განმტკიცდეს; გახდეს ისეთი, როგორიც ეკადრება ჩვენს ურთიერთობას, გერმანიასა და საქართველოს შორის ჩვენს ისტორიულ ურთიერთობას, – ამის შესახებ განაცხადა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ, რომელმაც დღეს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
კარტოზიას თქმით, საქართველოს ინტერესი კვლავაც არის ევროპული ოჯახის წევრობა, ამ მხრივ გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტია და იმედი აქვს, სასიკეთო ძვრები იქნება.
„გერმანიისთვის ყველაზე მეგობრული ქვეყანა კავკასიაში და, საზოგადოდ, აღმოსავლეთში, იყო საქართველო და საქართველოსთვის გერმანია – ევროპაში. ეს არის ჩვენი ურთიერთობის ისტორია. ამაზე ვისაუბრეთ კიდეც დღეს და ნამდვილად არის სურვილი, რომ აღორძინდეს და გამოცოცხლდეს ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გვქონდა. აგვისტოში გერმანიას ახალი ელჩი ეყოლება საქართველოში. იმედი მაქვს, ისიც ისევე იქნება მოწადინებული, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს, როგორც მე ჩემი მხრიდან ვიქნები ამისთვის მზად.
სხვათა შორის, ცნობილია გენშერის გამონათქვამი, რომელიც თითქოს ყველაზე კარგად განსაზღვრავს ელჩის ფუნქციას: „ელჩი არის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ადგილსამყოფელი ქვეყნის ადვოკატი – საკუთარ ქვეყანაში“. ამ პრინციპით თუ ვიმოქმედებთ ორივე მხარე, ჩვენი ურთიერთობები ქვეყნებს შორის მართლაც გაუმჯობესდება.
ცხადია, საქართველოს ინტერესი კვლავაც არის ევროპული ოჯახის წევრობა, ევროპის კავშირის წევრობა. ჩვენ ეს დღევანდელ საუბარშიც დავადასტურეთ. ამ მხრივ გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტია და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით სასიკეთო ძვრებს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ალექსანდრე კარტოზიამ „იმედის“ ეთერში.

