რუსეთი აფრთხილებს სომხეთს, რომ თუკი ახლა ათას კუბურ მეტრ რუსულ გაზს 177.5 დოლარად ყიდულობს, ამისთვის 800 დოლარი შეიძლება დასჭირდეს და დამატებით ერთი მილიარდი დოლარის გამონახვა მოუწიოს

სომხეთს გაზისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის გამონახვა მოუწევს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსეი შევცოვმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი ამჟამად ათას კუბურ მეტრ გაზს 177.5 დოლარად ყიდულობს.

„ბირჟებზე ფასი, როგორც უკვე პირველ კვლევაში განვიხილეთ, დაახლოებით 600 დოლარია, შესაძლოა, 800 დოლარსაც მიაღწიოს. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი რუსეთიდან 2.3 მილიარდ კუბურ მეტრს იღებს, მარტივი გამრავლებით ჩანს, რომ სომხეთს  დამატებით დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის და შესაძლოა, მეტის, მოძიება დასჭირდეს“, – აღნიშნა ალექსეი შევცოვმა.

მანამდე, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი ცივილევმა სომხეთს ურჩია, ეცადა რუსული გაზის ევროპული გაზით ჩანაცვლება და ენახა, რა მოხდებოდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ფონზე სომხეთის ეკონომიკისთვის რისკები შეიძლება გაიზრდოს. ამჟამად სომხეთის რესპუბლიკა რუსეთიდან იმპორტირებული გაზის დაახლოებით 85%-ს, ნავთობპროდუქტების მინიმუმ 62%-ს და დაუმუშავებელი ბრილიანტების მარაგის დაახლოებით ნახევარს იღებს. ასეთი მოცულობების სწრაფად ჩანაცვლება კი რთული იქნება.

ბოლო წლებში ერევანმა გააძლიერა თანამშრომლობა ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. სომხეთის ხელისუფლება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღწევას ორ წელიწადში ვარაუდობს, ხოლო 2025 წელს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

სომხეთის დასავლეთთან დაახლოება დაჩქარდა მას შემდეგ, რაც რუსეთთან ურთიერთობები აზერბაიჯანთან კონფლიქტის ფონზე გაუარესდა. ერევანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვმა ქვეყანას არ გაუწია უსაფრთხოების მხრივ მხარდაჭერა.

ხუთშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს – რაც შეიძლება, მალე ჩაატარონ რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რეფერენდუმის ჩატარების სურვილი თავადაც გამოთქვა. „ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. ცოტა ხნის წინ თავად პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას. ჩვენ მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს: ეს რაც შეიძლება მალე გაკეთდეს“, – განაცხადა პუტინმა.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები