ფრანგული გამოცემა Intelligence Online იუწყება, რომ საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტომ (DGSE) თბილისიდან ორი აგენტი გაიწვია, მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა DGSE-ს მიერ „ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მნიშვნელოვანი პირის“ დაქირავება, რამაც ქვეყნებს შორის განხეთქილება გამოიწვია.
Intelligence Online-ის წყაროების ცნობით, DGSE-მ დაარწმუნა გიორგი უძილაური, რომ საფრანგეთისთვის ჯაშუშობა გაეწია.
„ოპერაცია, რომელიც თავდაპირველად წარმატებული აღმოჩნდა, საბოლოოდ გამოავლინა საქართველოს კონტრდაზვერვის სააგენტომ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“, – წერს გამოცემა.
Intelligence Online აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეეძლო დაესახელებინა, თუ რომელი ქვეყნისთვის ჯაშუშობდა უძილაური, მათ მხოლოდ „დასავლური სახელმწიფო“ ახსენეს.
როგორც გამოცემა წერს, უძილაურის დაპატიმრების შესახებ განცხადებიდან ოთხი დღის შემდეგ, მთავრობამ მოულოდნელად დასავლეთის ქვეყნებს უბრძანა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშების გაყვანა და დაემუქრა, რომ უარის შემთხვევაში მათი ოფიცრების ვინაობას გაამხელდნენ, რის შემდეგმაც პარიზმა თბილისში, საფრანგეთის საელჩოში განლაგებული ორი აგენტი გაიწვია.
DGSE-მ Intelligence Online-ს განუცხადა, რომ მათ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ სურდათ, თუმცა განაცხადეს, რომ საქართველომ ოფიციალურად არცერთი თანამშრომელი არ გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად.

