ამერიკასთან განახლებული ურთიერთობებისთვის მზად ვართ, ოღონდ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის სამართლიანობას ეფუძნებოდეს, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიასთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობებს.
თბილისის მერმა განმარტა, რომ მმართველი გუნდის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ღიაა. მისი თქმით, მმართველი პარტია მიესალმება აშშ-თან ახალი ფურცლიდან სამართლიანი ურთიერთობების დაწყებას.
„დელეგაცია როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა ჩვენი გუნდის პოზიციაზე. ეს დასამალი არ არის. მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, შესაბამისი გზამკვლევით, ოღონდ ეს სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. ახლანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, აქვს შესაძლებლობა, გამოასწოროს ის არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამომავლოდაც გაატარებს ხალხის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას, რაც, ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობას.
„მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი სურვილიცაა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, კონფლიქტები. ეს გამოწვევა მსოფლიო ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას. ჩვენ მუდამ ხელს შევუწყობთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. ყოველთვის იმ პოლიტიკას გავატარებთ, სადაც საქართველოს და ხალხის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენ ჯო უილსონის პასუხად განაცხადა: „საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება“.

