დააკავეს მძღოლი, რომელმაც თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარიული ვითარება შექმნა, შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა

GUARDIANGE-ის ფოტო: თბილისი, მდინარე მტკვარი, 2026 წლის 30 მაისი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

„აღნიშნული მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები