ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობას ეფუძნება.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე ლიდერებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალი. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკას და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში. მხარეებმა ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები.

ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

მთავრობის მეთაურმა ისტანას რეზიდენციის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

ჩემთვის დიდი პატივი იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრა სინგაპურში ჩემი პირველი ვიზიტის ფარგლებში, – ამის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.

„საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები