აშშ-მ ახალი პოლიტიკის შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, მწვანე ბარათის მსურველი იმიგრანტების უმეტესობას ქვეყნის დატოვება და თავიანთ სამშობლოში მდებარე საელჩოში ან საკონსულოში განაცხადის შეტანა მოუწევს

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი პოლიტიკის შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, მწვანე ბარათის მსურველი იმიგრანტების უმეტესობას ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ, თავიანთ სამშობლოში მდებარე საელჩოში ან საკონსულოში განაცხადის შეტანა მოუწევს.

აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა (USCIS) პარასკევს, 22 მაისს, განაცხადა, რომ სტატუსის შეცვლის მსურველებმა ეს ქვეყნის გარეთ, საკონსულოს მეშვეობით უნდა გააკეთონ, „გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა“.

როგორც BBC იუწყება, ეს ნაბიჯი – რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ არალეგალური იმიგრაციის შემცირების მცდელობის ნაწილია – ავსებს კანონმდებლობაში არსებულ ხვრელს, რომელიც ვიზის მფლობელებსა და ვიზიტორებს საშუალებას აძლევდა, მწვანე ბარათზე განაცხადი აშშ-ში ყოფნის დროსაც კი შეეტანათ.

ახალი პოლიტიკის კრიტიკოსები ამბობენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში არსებული სისტემა ოჯახებს საშუალებას აძლევდა ერთად დარჩენილიყვნენ განაცხადის წარდგენის შემდგომი ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში.

ახალმა მეთოდმა შესაძლოა გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს ზოგიერთი იმიგრანტის დაბრუნება, რომლებიც აშშ-ს მწვანე ბარათის მიღების იმედით დატოვებენ. ახალი პოლიტიკა შეეხებათ სტუდენტებს, დროებით მუშებს ან ტურისტული ვიზების მქონე პირებს.

„ჩვენ ვუბრუნდებით კანონის თავდაპირველ მიზანს, რათა უზრუნველვყოთ უცხოელების სათანადოდ მართვა ჩვენი ქვეყნის საიმიგრაციო სისტემაში“, – განაცხადა USCIS-ის წარმომადგენელმა ზაკ კალერმა.

„ამიერიდან, უცხოელი, რომელიც დროებით იმყოფება აშშ-ში და სურს მწვანე ბარათის მიღება, განაცხადის შესატანად მშობლიურ ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა“, – განაგრძო მან.

კალერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკა საიმიგრაციო სისტემას საშუალებას აძლევს „იმოქმედოს კანონის შესაბამისად, კანონმდებლობაში არსებული ხვრელის წახალისების ნაცვლად“ და რომ ვიზიტები „არ უნდა იყოს მწვანე ბარათის პროცესის პირველი ნაბიჯი“.

„როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები განაცხადს თავიანთი ქვეყნებიდან აკეთებენ, ეს იმ პირთა პოვნისა და გაძევების აუცილებლობას ამცირებს, რომლებიც ბინადრობის ნებართვაზე უარის შემდეგ მიმალვას ან აშშ-ში არალეგალურად დარჩენას ირჩევენ. დროებითი ვიზის მქონე პირები, როგორიცაა სტუდენტები, დროებითი მუშები ან ტურისტული ვიზის მქონე პირები, აშშ-ში მოკლე ვადით და კონკრეტული მიზნით ჩამოდიან. ჩვენი სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ მათ ქვეყანა ვიზიტის დასრულების შემდეგ დატოვონ. მათი ვიზიტი მწვანე ბარათის მიღების პროცესში პირველი ნაბიჯის ფუნქციას არ უნდა ასრულებდეს“, – ნათქვამია აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის განცხადებაში.

გაურკვეველია, იმოქმედებს თუ არა ახალი კანონი მწვანე ბარათის უკვე განხილვის პროცესში მყოფ განაცხადებზე.

USCIS-ის წარმომადგენელმა BBC-ის განუცხადა, რომ პოლიტიკის ამოქმედებისთანავე, „ადამიანები, რომლებიც წარადგენენ განაცხადებს, რომლებიც ეკონომიკურ სარგებელს იძლევა ან სხვაგვარად შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს, სავარაუდოდ, შეძლებენ განაგრძონ არსებული მეთოდით პროცესის წარმართვა“.

„სხვებს შეიძლება სთხოვონ საზღვარგარეთ განაცხადის შეტანა, ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მწვანე ბარათის მფლობელის, ანუ კანონიერი მუდმივი რეზიდენტის სტატუსის ქონა ადამიანს საშუალებას აძლევს, მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს აშშ-ში. მისი მიღება მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომელსაც შეიძლება თვიდან რამდენიმე წლამდე დასჭირდეს.

კატოს ინსტიტუტის იმიგრაციის კვლევების დირექტორის თქმით, ამჟამად მილიონზე მეტი ლეგალური იმიგრანტი ელოდება სტატუსის კორექტირების მიზნით მწვანე ბარათის განაცხადების დამტკიცებას.

კაჰლერი ამტკიცებს, რომ კანონის დაცვა იძლევა იმის საშუალებას, რომ საქმეების უმეტესობას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზღვარგარეთის საკონსულო ოფისებში იყოს განხილული და ათავისუფლებს USCIS-ის რესურსებს, რათა ყურადღება გამახვილდეს სხვა საქმეების დამუშავებაზე, რომლებიც მის კომპეტენციას მიეკუთვნება – მაგალითად, ძალადობრივი დანაშაულისა და ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა ვიზებზე, ნატურალიზაციის განაცხადებსა და სხვა პრიორიტეტებზე.

სააგენტოს განცხადებით, ეს ნაბიჯი შეესაბამება დიდი ხნის განმავლობაში მოქმედ იმიგრაციის კანონმდებლობას და იმიგრაციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. იმიგრაციის ოფიცრებს დაევალათ, „განიხილონ ყველა შესაბამისი ფაქტორი და ინფორმაცია თითოეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად, როდესაც დაადგენენ, საჭიროებს თუ არა უცხოელი ამ განსაკუთრებულ სახის დახმარებას“.

მაიკლ ვალვერდემ, რომელიც გასულ წელს პოსტიდან წასვლამდე USCIS-ის მაღალი თანამდებობის პირი იყო, როგორც „რესპუბლიკური“, ასევე „დემოკრატიული“ ადმინისტრაციების დროს, BBC-ის ამერიკულ მედია პარტნიორ CBS-ს განუცხადა, რომ ახალი პოლიტიკა „ყოველწლიურად ასობით ათასი ოჯახისა და დამსაქმებლის გეგმებს ჩაშლის“.

„ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს აშშ-ში კანონიერ იმიგრაციას“, – თქვა ვალვერდემ. „ადამიანები, რომლებიც წესებს ერთგულად იცავდნენ, ახლა უზარმაზარი გაურკვევლობის წინაშე დგანან“.

ტრამპის ადმინისტრაციამ თითქმის 40 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალვები ან შეზღუდვები დააწესა.

ადმინისტრაციის მიერ წელს მიღებული კიდევ ერთი პოლიტიკის თანახმად, 75 ქვეყნიდან იმიგრანტული ვიზის განმცხადებლებისთვის ვიზის გაცემა შეჩერებულია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის ვიზის ვადის გადაცილებამ შეიძლება გამოიწვიოს დეპორტაცია, მომავალში ვიზების მიღების შეზღუდვა და 10 წლამდე ვადით ხელახალი შესვლის აკრძალვა.

„როდესაც უცხოელები განაცხადს საკუთარი ქვეყნიდან აგზავნიან, ეს ამცირებს იმ პირთა პოვნისა და გაძევების საჭიროებას, რომლებიც რეზიდენტობაზე უარის თქმის შემდეგ აშშ-ში არალეგალურად დარჩენას გადაწყვეტენ“, – განაცხადა USCIS-მა და დაამატა, რომ ეს სისტემას „უფრო სამართლიანს და ეფექტურს“ ხდის.

X-ზე, აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ზედამხედველობის ქვეშ მყოფმა ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა: „ჩვენი ქვეყნის საიმიგრაციო სისტემის ბოროტად გამოყენების ერა დასრულდა“.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები