[ვიდეო] ადიგენისა და წალკის მუნიციპალიტეტებში კორუფციულ ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დააკავეს, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი.

პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე – ერთი მოქალაქე.

გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ, შუამავლის მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10 000 აშშ დოლარი. მოცემულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობების გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 000 ლარი.

საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს იქნა დაკავებული. ამ შემთხვევაში სასჯელი ქრთამის აღებისათვის თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ორივე საქმეზე თანხები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

ინფორმაციას და ვიდეომასალას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები