სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემის მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ძირითადად მავნებელი მწერის – მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივ გავრცელებას უკავშირდება.

როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, მავნებელთან ბრძოლის მნიშვნელოვანი მეთოდია სანიტარიული ჭრები, რაც ტერიტორიიდან დაზიანებული ხეების დროულ გამოტანას გულისხმობს, რითაც მცირდება მავნებლის გამრავლების წყარო.

ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ჭრებს სისტემატურად ახორციელებს, აგრეთვე ხდება ტერიტორიის გაწმენდა სტიქიის შედეგად დაზიანებული და წაქცეული ხეებისაგან.

აღსანიშნავია, რომ მბეჭდავი ქერქიჭამიას მონიტორინგს  სააგენტო ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებითაც ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მისი პოპულაციის დინამიკის შეფასებასა და მართვის ღონისძიებების დაგეგმვას.

ამჟამად, მავნებლის რაოდენობის შემცირების ფონზე, სააგენტო 2026 წლიდან გეგმავს ფერომონიანი მწერსაჭერების რაოდენობის ოპტიმიზაციას, თუმცა მონიტორინგისა და მართვის აქტიური ღონისძიებები გაგრძელდება, რათა შენარჩუნდეს მიღწეული შედეგები და უზრუნველყოფილი იყოს ნაძვნარი ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვა.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები