თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პარტნიორობის მიმართულებით – კევინ ჰამილტონს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე მინისტრმა კევინ ჰამილტონს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.  ყურადღება გამახვილდა მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივებზე. 

კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.  შეხვედრაზე აღინიშნა ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც დიდ როლს ასრულებს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის თვალსაზრისით.

ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) მოინახულებს, სადაც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განვითარებული ცენტრის შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნობა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები