GUARDIANGE – ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ორშაბათს, 4 მაისს, შუადღისას, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მსუბუქი ავტომობილი ხალხში შევარდა, – ამის შესახებ BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
ლაიფციგის მერმა ბურკჰარდ იუნგმა განაცხადა, რომ სავარაუდო დამნაშავე, 33 წლისაა და გერმანიის მოქალაქეა. იგი დაკავებულია. იუნგმა დასძინა, რომ ხელისუფლებას დანაშაულის მოტივი ჯერ არ გაურკვევია.
პოლიციამ დაადასტურა, რომ მანქანა რამდენიმე ადამიანს დაეჯახა გრიმაიშე შტრასეს ცენტრალურ რაიონში. ლაიფციგის სახანძრო სამსახურის უფროსმა, აქსელ შუმ, განაცხადა, რომ 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მძიმედ.
საქსონიის მიწის ხელმძღვანელმა, მიხაელ კრეჩმერმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს ადრე ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
ლაიფციგის პოლიციის პრესსპიკერმა, სუზან ლიუბკემ, თქვა, რომ დაახლოებით 17:35 საათზე (15:35 GMT) „პირმა ავტომობილი ავგუსტუსპლაცის გავლით გრიმაიშეს ქუჩაზე გადაიყვანა და ბაზრის გასწვრივ გგანაგრძო სვლა“.
„ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, ასევე უნდა შეგატყობინოთ ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ“, – დასძინა მან.
„ჩვენ აქ ძალადობრივ თავდასხმაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ვარაუდით, ეს იყო მარტო მოქმედი დამნაშავის ქმედება და ამჟამად არ გვაქვს არანაირი ნიშანი იმისა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხე კვლავ არსებობს“.
ლაიფციგის პროკურატურამ განაცხადა, რომ გარდაცვლილები არიან 63 წლის ქალი და 77 წლის მამაკაცი – ორივე გერმანიის მოქალაქე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ეჭვმიტანილის მიერ ჩადენილ დანაშაულს მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იძიებენ და რომ „ამჟამინდელი ინფორმაციით, არ არსებობს საფუძველი“ იმისა, რომ დანაშაულის ჩადენას რელიგიური ან პოლიტიკური მოტივი ასაზრდოებდა.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა, სუზიმ, „რადიო ლაიფციგს“ განუცხადა, რომ ინციდენტის დროს ის მეგობართან ერთად გრიმმაიშე შტრასეს ქუჩაზე, სკამზე იჯდა.
„ძლიერი აფეთქების ხმა გავიგეთ“, – თქვა მან და დასძინა, რომ მძღოლი „ძალიან სწრაფად“ მოძრაობდა.
სუზიმ და მისმა მეგობარმა ახლომდებარე საიუველირო მაღაზიას შეაფარეს თავი. როდესაც ისინი მაღაზიიდან გამოვიდნენ, სუზიმ თქვა, რომ დაინახა დაშავებული ადამიანები, რომლებიც მიწაზე იწვნენ.
კიდევ ერთმა თვითმხილველმა იმავე მედიასაშუალებას განუცხადა, რომ მანქანა ბოძებთან გაჩერდა და ქალი მანქანის სახურავიდან გადმოვარდა. მათი თქმით, გამვლელები პირველადი დახმარების გასაწევად მივიდნენ და დაახლოებით 15 ადამიანი შეიკრიბა მანქანის გარშემო მძღოლის დასაკავებლად და ღია ფანჯრიდან მისი გამოთრევა სცადეს.
თვითმხილველის თქმით, მძღოლმა მგზავრის ფანჯრიდან სცადა გაქცევა, თუმცა იგი ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა.
გერმანიაში ბოლო წლებში ავტომობილებით შეჯახების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

