„ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა. გაირკვა რომ „ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკს“ არ უყიდია, ის ჩინურმა სამშენებლო კომპანია „ჰუალინგმა“ 250 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს ფული მან „თიბისი ბანკიდან“ აიღო სესხად.
ერთმა ბანკმა იყიდა მეორე ბანკი, რომელიც არის სპეციფიკური საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 1,7 მილიონ ფიზიკურ პირს ემსახურება თუ სამშენებლო კომპანიამ იყიდა, ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის. გამოდის, რომ ერთ ჩინურ სამშენებლო კომპანიას საქართველოში აქვს ორი ბანკი.
არის თუ არა ეროვნული ბანკის წინაშე აღებული ვალდებულება, რომ ეს ორი ბანკი გაერთიანდება? „თიბისი ბანკის“ ვალი რომ ვერ დაფაროს ჰუალინგმა, „ლიბერთი ბანკი“ გადავა თუ არა „თიბისი ბანკის“ საკუთრებაში, რაც კონცენტრაციის სხვა რისკებსაც წარმოშობს? ორი ჩინური ბანკის რესურსები ხომ არ მოხმარდება ერთი სამშენებლო კომპანიის დაკრედიტებას და პენსიები და სიციალური შემწეობები ხომ არ გახდება „ჰუალინგის“ დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო? ერთი მესაკუთრის ორი ბანკი რამდენად იქნებიან ერთმანეთთან ჯანსაღ კონკურენციაში?
არასწორად გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ბაზისბანკმა“ იყიდა „ლიბერთი ბანკი“, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა და დამახინჯებულად აჩვენებს მოვლენის არსს.
ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი ამ გარიგების მიზანშეწონილობის შესახებ. სინამდვილეში ამის ერთ-ერთი მიზეზი ხომ არ იყო სანქციების მომლოდინე რუხაძისა და კომპანიისათვის 250 მილიონი დოლარის (პლუს დივიდენდები) გატანის ოპერაცია?“ – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

