GUARDIANGE – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის დირექტორი მულქადარ ისმაილოვი აცხადებს, რომ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური სწავლების დანერგვა განსაკუთრებით უწყობს ხელს სახელმწიფო ენის სწავლების დონის ამაღლებას.
„ჩვენს სკოლაში ბილინგვური სწავლება 2025-2026 სასწავლო წელს დაიწყო და პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები 5 საგანს სწავლობენ აზერბაიჯანულად და ქართულად. სულ ბილინგვურის 5 მასწავლებელი გვყავს. „მათემატიკა“, „ბუნებისმეტყველება“, „ჩვენი საქართველო“, „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ და „მე და საზოგადოება“ – ესაა იმ საგნების ჩამონათვალი, რომელიც ბილინგვური სწავლების პროგრამაშია შეტანილი. ამ მცირე პერიოდის მიუხედავად, უკვე გვაქვს გარკვეული პროგრესი და ვფიქრობ, მომავალში უფრო თვალშისაცემი იქნება შედეგები. ბუნებრივია, ამას ემატება ქართული ენის გაკვეთილები, კვირაში 5 საათი, რაც საუკეთესო პირობას ქმნის იმისათვის, რომ ბავშვებმა კარგად შეისწავლონ საქართველოს სახელმწიფო ენა. ამასთან, მომავალ სასწავლო წელს, თუკი პირველ კლასში 5 მოსწავლე გვეყოლება, მაშინ ქართულ სექტორსაც გავხსნით, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი სკოლისთვის“, – განუცხადა GUARDIANGE-ის მულქადარ ისმაილოვმა.

დირექტორის თქმით, ბოლო ათწლეულზე მეტია, რაც ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში მასობრივად შეიცვალა ქართული ენისადმი დამოკიდებულება და უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აზერბაიჯანელების დიდ ნაწილს კარგად აქვს გაცნობიერებული სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობა.
„ადრე, საბჭოთა პერიოდში, მოგეხსენებათ, პრიორიტეტი რუსულ ენას ენიჭებოდა, არა მხოლოდ აზერბაიჯანელები, არამედ ქართველების ნაწილიც თავიანთ შვილებს რუსულ სკოლებში ასწავლიდნენ და შემდეგ მოსკოვში, მაშინდელ ლენინგრადში ან რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში აგზავნიდნენ სასწავლებლად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დამოკიდებულება შეიცვალა. თუკი 15-20 წლის წინ აზერბაიჯანში მიდიოდნენ სწავლის გასაგრძელებლად ჩვენი არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები, ახლა მათი დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას უმრავლესობა, საქართველოში, ძირითადად თბილისში განაგრძობს სწავლას.

„არაერთი წარმატებული მოსწავლე აღზარდა ჩვენმა პატარა სკოლამაც. მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტინგენტიანი საბაზო სკოლაა – წელს 25 ბავშვი ირიცხება – მაინც გვყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ჩვენგან ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლაში გადასვლისა და იქ სწავლის დასრულების შემდეგ, წარმატებით აბარებენ თბილისის უნივერსიტეტებში და წარმატებითვე ასრულებენ სწავლას.

„მაგალითად, გასულ წელს ჩვენმა სამმა მოსწავლემ დაამთავრა მარნეულის №1 საჯარო სკოლა და სამივემ თბილისში ჩააბარა. წელს ერთი ამთავრებს და ისიც აპირებს ჩაბარებას. გვახარებს ის ფაქტი, რომ მარნეულის №1 საჯარო სკოლის დირექტორმაც აღნიშნა, რომ ჩვენგან გადასული მოსწავლეები არა მარტო ქართულს, არამედ სხვა საგნებსაც ძალიან კარგად სწავლობენ და წარმატებით აბარებენ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში“, – უთხრა GUARDIANGE-ის მულქადარ ისმაილოვმა.

დირექტორის თქმით, ალავარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლის თვალსაზრისით ხელისშემყობი ფაქტორია ისიც, რომ მათ ქართული სოფლები – დიოკნისი და თამარისი ესაზღვრება და აზერბაიჯანული და ქართული ოჯახების ერთმანეთთან უფრო მეტი კონტაქტის ფონზე მოზარდების ურთიერთობაც უფრო მჭიდრო ხდება.
„მოგეხსენებათ, ენის შესწავლისას, განსაკუთრებით საუბრის ნაწილში, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულის, როგორც მეორე ენის მაღალკვალიფიციური მასწავლებლები გვყავს და ისინი ზედმიწევნით კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ენის შესწავლისას მაინც ერთ-ერთი გადამწყვეტი ის გარემოა, სადაც მოზარდს უწევს ცხოვრება და კონტაქტი. ვერ ვიტყვი, რომ განებივრებულები არიან ჩვენი ბავშვები ქართულ გარემოში ყოფნით, მაგრამ მაინც აქვთ ურთიერთობა მეზობელი სოფლების ქართველ ბავშვებთან და ამით უფრო იმდიდრებენ თავიანთ ლექსიკას. მაგრამ მთვარი გარდატეხა მაინც თბილისში წასვლის შემდეგ ხდება, იქ უკვე ქართულ გარემოში მოხვედრილი სტუდენტები, დროთა განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ქართველებივით ეუფლებიან ქართულ ენას.

„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახელმწიფოს მხრიდან საოცრად დიდი ხელშეწყობაა როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში. მოგეხსენებათ, უმაღლეს სასწავლებლებში დანერგილი „4+1“ პროგრამა ჩვენგან წასულ ახალგაზრდებს 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენის უფრო სრულყოფილად დაუფლების საშუალებას აძლევს. უკვე გითხარით, რომ საჯარო სკოლებში მაქსიმალური პირობებია შექმნილი. ვინც ამ შესაძლებლობებს იყენებს, მიზანსაც აღწევს, ვინც არა, უკვე თავის თავს უნდა დააბრალოს. ჩვენ არ ვაკლებთ მცდელობას, თუმცა მთავარი სათქმელი მაინც ბავშვებმა უნდა თქვან“, – განუცხადა GUARDIANGE-ის მულქადარ ისმაილოვმა.
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე GUARDIANGE ქართულის, როგორც მეორე ენის უფროს მასწავლებელს, ქალბატონ ირმა მარგიანს ესაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში, სახელმწიფო ენის შესწავლის მხრივ მოსწავლეთა მოტივაცია უფრო მეტად იზრდება, რასაც პირველ რიგში ქართული ენის სრულყოფილად ცოდნის საჭიროება განაპირობებს.
„მოსწავლეები და მათი მშობლები ხედავენ, რომ საქართველოში პროფესიული წარმატების მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა და ეს ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია იმისა, რომ უფრო მეტი გულისყურით მოეკიდონ სწავლას. უკვე დაახლოებით 6 წელია, რაც ამ სკოლაში ვასწავლი ქართულს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩემს კოლეგებთან ერთად, რაც შეიძლება მეტი რამ ვასწავლოთ ბავშვებს. ქართულის გარდა მათ მეგობრობას, სიყვარულს, თანადგომას ვასწავლი. ძალიან კარგი, ზრდილობიანი ბავშვები არიან. დიდ სითბოს და სიყვარულს ვიღებ მათგან. მინდა საუკეთესო მოქალაქეები აღიზარდონ და ცხოვრების ბოლომდე გაჰყვეთ ის კარგი უნარ-ჩვევები, რასაც აქ სწავლობენ.

განსაკუთრებით ხელშესახები შედეგია იმ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებში, რომლებიც სპორტზე ან ცეკვაზე დადიან და ქართველ თანატოლებთან აქვთ ურთიერთობა. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე, მე-5 კლასელი, ილიასი, რომელიც მარნეულში ფეხბურთზე დადის და ქართველებთან აქვს ხშირი ურთიერთობა, ისეთ რაღაცებს მეუბნება ხოლმე, რაც მე არ მისწავლებია, ძალიან დახვეწა სასაუბრო ლექსიკა.
„უნდა ითქვას, რომ იგი თავიდანვე გამოირჩეოდა ქართული ლექსების კარგად სწავლით, გააჩნდა დიდი ინტერესი, რაც შეიძლება უკეთ ესწავლა ქართული ენა. მოგეხსენებათ, იმ პირობებში, როდესაც მშობლების დიდმა ნაწილმა არ იცის სახელმწიფო ენა, სახლში შეუძლებელია ბავშვების შემოწმება, მათთვის სათანადო ყურადღების მიქცევა და ასეთ დროს მხოლოდ მასწავლებლისა და მოსწავლის ნაყოფიერ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული სასურველი შედეგის მიღწევა.

„განსაკუთრებით დამაბრკოლებელია ის ფაქტორიც, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ გარემოში, ბუნებრივია, აზერბაიჯანული ენაა დომინანტი და გამოყენების უმთავრესი ერთადერთი საშუალება, ქართული კი მხოლოდ საგაკვეთილო პროცესზე რჩება აქტუალური, რაც არასაკმარისია, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში 5 საათი ეთმობა მას.
„ამ პროცესის გასაღრმავებლად, წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია ბილინგვური სწავლების შემოღება, რადგან უკვე მხოლოდ ქართულის გაკვეთილი არ რჩება იმ ერთადერთ სივრცედ, სადაც მოსწავლე სახელმწიფო ენის შესწავლაზეა ორიენტირებული. ბილინგვური სწავლების პროცესში სხვადასხვა საგანს ორ ენაზე სწავლობენ ბავშვები, რაც ბუნებრივია, მრავალმხრივ ამდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს.
„ასევე მინდა აღვნიშნო ერთი გარემოებაც, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ქართული ენის სასაუბრო ნაწილის განვითარებაში ეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ ალავარს ორი ქართული სოფელი – დიოკნისი და თამარისი – ესაზღვრება, აქ მცხოვრებ ოჯახებს და შესაბამისად, ბავშვებს გარკვეული კონტაქტი აქვთ ქართული სოფლების მცხოვრებლებთან და ეს ურთიერთობა დადებითად აისახება მათი ენობრივი ბარიერის გადალახვაში. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ეს კონტაქტი არც ისე ხშირია“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ირმა მარგიანმა.
მისი თქმით, ქართული ენის სწავლების უკეთესად წარმართვისთვის აუცილებელია სკოლის ინფრასტრუქტურის თანამედროვე პირობების შესაბამისად განვითარება.

„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს სააქტო დარბაზი. ასევე, განვიცდით რესურსების ნაკლებობას. რომ ავიღოთ თუნდაც დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მისი სააქტო დარბაზში ჩატარების შესაძლებლობა რომ გვქონოდა, ის გაცილებით უკეთესი გამოვიდოდა. ხშირად ვატარებთ შემოდგომის ზეიმს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ თუ საახალწლო ღონისძიებებს და ამისათვის სასურველია გაგვაჩნდეს შესაბამისი სივრცე, სააქტო დარბაზი“, – აღნიშნა ირმა მარგიანმა.
თავად დირექტორის სურვილიცაა, რომ სასწავლო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით, სკოლაში თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ინფრასტრუქტურა იყოს განვითარებული.

მულქადარ ისმაილოვი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2030 წლამდე ალავარის საჯარო სკოლასაც შეიყვანს კაპიტალური რეაბილიტაციის პროგრამაში.

„გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის შენობა მცირე მოცულობისაა, თან ე.წ. ფინური მექანიზმის მიხედვით, ხითაა აწყობილი 1990-იანი წლების დასაწყისში, ბუნებრივია, ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ გამოწვევებს და დღის წესრიგში დგება ახალი სკოლის საჭიროება.

ჯერ ეს ერთი, ამჟამინდელი სკოლა, არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს – არც სპორტული დარბაზი, არც სასადილო და არც სააქტო დარბაზი აქვს, მხოლოდ გარე სივრცეში, ეზოში გვაქვს სტადიონი. არსებული შენობის სიმჭიდროვიდან გამომდინარე, არც სასწავლო პროცესის ნორმალურად, ერთ ცვლაში წარმართვის საშუალება გვაქვს და ამიტომ ორ ცვლაში გვიწევს სასწავლო პროცესის წარმართვა.

სკოლას საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს, 1 ჰა მაინცაა ეზო და აქ ძალიან კარგი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდებოდა. სახელმწიფოს გაცხადებული აქვს გეგმა, რაზეც განათლების მინისტრმაც არაერთხელ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ახალი ან კაპიტალურად აღდგენილი სკოლები უნდა ფუნქციონირებდეს. რადგანაც ჩვენი სკოლა კაპიტალურ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, ვფიქრობ, საჭირო იქნება ახალი სკოლის აშენება.

„ბოლო წლებში, ისევე როგორც საქართველოს არაერთ რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტშიც ბევრი ახალი სკოლა აშენდა ან კაპიტალურად გარემონტდა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. მარნეულიდან, ჩვენი სოფლის გავლით, სოფელ თამარისამდე უმაღლესი დონის ასფალტირებული გზა უკვე გაკეთდა, სულ ახლახან დასრულდა, და იმედი გვაქვს, ახალ გზას ახალი სკოლაც მოჰყვება“, – უთხრა GUARDIANGE-ის მულქადარ ისმაილოვმა.
დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ვიდეომასალა, რომელიც ალავარის საჯარო სკოლაშია გადაღებული – აქ მოცემულია მოსწავლეთა მიერ დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წაკითხული ტექსტების ნაწილი
დაბლა იხილეთ ალავარის საჯარო სკოლის წარმომადგენლების მიერ დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაღებული ფოტომასალა



დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტომასალა





















