ნავთობის ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ეროვნულ მიმართვაში განაცხადა, რომ აშშ ირანს „უკიდურესად მძლავრად“ დაარტყამს

GUARDIANGE – ნავთობის ფასები გაიზარდა და საფონდო ბირჟებზე ვარდნა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ ირანს „უკიდურესად მძლავრად“ დაარტყამს.

თავის მიმართვაში ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, „გამბედაობა მოიკრიბონ“ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და განაცხადა, რომ აშშ-ს ეს არ სჭირდება.

„ჩვენ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია“, – თქვა ტრამპმა.

აზიაში დილის ვაჭრობისას ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო აქციები დაეცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლის საპასუხოდ, რომელმაც ვერ შეძლო გლობალური ბაზრების დარწმუნება, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა და რომ ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებოდა.

როგორც BBC იტყობინება, ტრამპის სიტყვის დასრულებისთანავე, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი, რომელიც გლობალური ნავთობის საორიენტაციო მაჩვენებელია, 5%-ით გაიზარდა და ბარელზე 106 დოლარს მიაღწია. აზიაში – რეგიონში, სადაც ბევრი ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე – საფონდო ბირჟებმაც ვარდნა დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ორ-სამკვირიანი ვადები, მან ინვესტორებს არ შესთავაზა კონკრეტული გზავნილი იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდებოდა ეს ომი.

როგორც BBC წერს, მისი დაპირება, რომ ირანს „ქვის ხანაში დააბრუნებდა“, თუ ის შეთანხმებას არ მიაღწევდა, ბაზრებს ნამდვილად ვერ დაამშვიდებდა. მაშინაც კი, თუ კონფლიქტი ამ თვეში დასრულდებოდა, ჰორმუზის სრუტეში ნორმალური დონის საზღვაო ნაკადების აღდგენას მაინც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

აშშ-ის პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ტრამპის მტკიცება, რომ თეირანმა ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა და ამას „ყალბი და უსაფუძვლო“ განცხადება უწოდა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები