ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი.

სუს-ის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ და მართვის მოწმობებს.

„იგი აღნიშნულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებთან და შუამავალ პირებთან ფოსტით აგზავნიდა. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით დასაბეჭდი პლასტიკური ბარათი, ასევე უცხო ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული ყალბი მართვის მოწმობები, მობილური ტელეფონები. ამასთან, საქართველოს ფოსტიდან ამოღებულია საზღვარგარეთ დაჩქარებულად გასაგზავნი ყალბი დოკუმენტები.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები