მგონი, ამ ხალხმა ჭკუა ვერ ისწავლა, სისხლიანი, ცხრაწლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და ცხვირაწეული საუბრობენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფრაგმენტებად იყო დაშლილი, კვლავ თავის საწყისებს დაუბრუნდა და მან თავისი უწინდელი სახე დაიბრუნა.
„ჰგონიათ, ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან მათ სადმე ახლოს გააკარებს? თავისივე ხელით ქართველი ხალხის თვალწინ წითელი ნაჭერი ჩამოკიდეს, რათა მივხვდეთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციას ვაკვირდებით. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფრაგმენტებად იყო დაშლილი, კვლავ თავის საწყისებს დაუბრუნდა – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. „ცხრიანის“ სახით „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუყურებთ, რომელმაც თავისი უწინდელი სახე დაიბრუნა, მათ შორის ის ადამიანები, რომელთაც თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი ანტიდემოკრატიული, ადამიანის მოძულე, ძალადობრივი რეჟიმის შექმნაში. ასეთი გროტესკული წარმონაქმნია, რომელსაც ვიცით, საიდან აქვს მხარდაჭერა – ქვეყნის გარედან. საერთო ჯამში, კარგია, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს.
გუშინ გიორგი ვაშაძისგან მოვისმინეთ, რომ სამი პ არიან – პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტიო. პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება, ამ რიგში სხვა სიტყვებიც მოჰყვეს. რასთან გვქონდა საქმე, ამ ძალადობრივი რეჟიმის სახე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ წარმოაჩინა. დღესაც ვხედავთ, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ მათ თავისი რიგებიდან არ რიცხავს. შესაბამისად, EPP აცხადებს, რომ მოძალადეების მხარდამჭერია. „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები ხელისუფლებაში არიან გერმანიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში. ამიტომ, როცა ეროვნულ პოლიტიკას ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნიდან, ეს ყველაფერი ამ რაკურსში უნდა დავინახოთ. მოძალადეების პარტია როცა შენი თანამებრძოლია ისევე, როგორც წამების სისტემის შემქმნელი, გასაგებია, რომ შენი ღირებულებებით პლინტუსს ქვემოთ ხარ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

