საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობას თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოებული საბრძოლო ტყვია-მასალა გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიღება-ჩაბარების ცერემონია ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თურქეთის რესპუბიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ.
„შესაბამის აქტს ხელი სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და თურქეთის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ილჰან ოქთენდურალიმ მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე არსებულ სასროლეთზე გადაინაცვლეს, სადაც საჩვენებელი სროლა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ გასულ 2025 წელს თურქეთის მხარემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების სარდლობას მოიერიშე შაშხანებიც გადასცა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

