2028-2029 სასწავლო წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ. 

ცვლილება ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს – რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს, როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება.

რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში. 

მე-11 კლასელებისთვის სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეცხრე კლასში სწავლობენ.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები