სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგების შემდეგ, ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა ტაძარში ყველა ტელეკამერის და ტელეფონის გათიშვა მოითხოვა.

„გადაღება შეწყდა და ყველა ტელეფონი გამორთეთ, ყველა კამერა გათიშეთ. არავითარი გადაღება. ამ წუთიდან, არავითარი გადაღება“, – თქვა სამღვდელო პირმა.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკა.

პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში შეკრებილებს მიმართა.

მეუფე შიოს თქმით, განსაკუთრებული იყო ილია მეორის დამოკიდებულება სიონის ტაძრისადმი, აქ დაიწყო მისი 49-წლიანი საპატრიარქო, მოწამებრივი, შეიძლება ითქვას, სამოციქულო ღვაწლი და გზა.

„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, აი, დადგა წუთები, როდესაც სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილიას ნეშტი

„სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა, რომელსაც ხორცი შეასხა შემდგომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლიც მუდამ სდევდა მისი უწმინდესობის მოღვაწეობას და იმ წმინდანთა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივით და ღვაწლით. აი, ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საკათედრო ტაძრისადმი, საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება, დაკრძალულიყო სწორედ ამ წმინდა ტაძარში. დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციით, გრძნობებით, სიტყვებით. მგონი, ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება. ალბათ კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ვთქვათ, შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაზეც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და გვაკურთხებდა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები