საპატრიარქომ გადაწყვეტილება შეცვალა და დღეს, სამების ტაძარში წირვის დროს, მრევლს უწყვეტად შეეძლება შესვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის

GUARDIANGE-ის ფოტო: სამების საკათედრო ტაძარი, 2026 წლის 21 მარტი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც სამგლოვიარო დღეებში ვერ მოახერხეს სამების ტაძარში პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა დღესაც ექნებათ, როგორც ღვთიმსახურების დროს, ისე – სამგლოვიარო მსვლელობისას.

მისი თქმით, სამგლოვიარო მსვლელობისას, მარშრუტის გასწვრივ ცოცხალი დერეფნები მოეწყობა.

„15:00 საათზე მოხდება გადასვენება, მანამდე კი, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის. ვიცი, რომ ინტერესი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, შეზღუდვა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე წინა დღეებში იყო, თუმცა მთლად  ჩაკეტილი არ იქნება, შეეძლებათ, რომ შემოვიდნენ მსახურების დროს.

გადასვენების პროცესში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ იმ კორიდორის მიღმა დადგნენ მარჯვნივ, მარცხნივ. იმ მარშრუტით, რომლითაც მოხდება გამოსვენება, სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება პროცესია და მათ შეეძლებათ, რომ ასე მიაგონ საბოლოო გზაზე გზაზე პატრიარქს. დერეფნები მოწესრიგებული იქნება ჯებირებით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

21 მარტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, სამების ტაძარი 22 მარტს 02:00 საათიდან 08:00 საათამდე იკეტებოდა, ხოლო კვირა დილის 08:00 საათიდან ტაძარში დაშვება მხოლოდ საგანგებო საშვების საშუალებით უნდა მომხდარიყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის პროცესია, 15:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით, ავლაბრის მეტრომდე და ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე.

გზების აღნიშნულ მონაკვეთებზე, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, ასევე მთელს მარშრუტზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე ადევნოს თვალი დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლაციას.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები