ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა

პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

„შერეული ემოციები მაქვს. ყველას ნახვა მიხარია, ჩემი ცოლ-შვილის, პირველ რიგში, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ არ დაგიმალოთ, რომ ადამიანები იქ რჩებიან კიდევ, არა მხოლოდ ამ ციხეში, აგერ გვერდით ქალთა ციხეში, უამრავი გლდანის ციხეში, იქით კიდევ რუსთავის ციხეში; უხერხულობა გარდაიქმნება იმად, მალე ძალიან, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ მათი აქედან გამოსაყვანად. ყველანი თავს ვგრძნობთ ნაკლოვანად, მორალური თვალსაზრისითაც. მათი ძალა, შემართება, ენერგია გვაკლია. აქ არის ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, გვერდით ელენე, მიშა, მურთაზი, ხაბე. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. მზია ბრმავდება გვერდით ქალთა ციხეში, საბა აწამეს, ისიც რუსთავშია. უამრავი ბიჭი თუ ხნოვანი ადამიანი ზის ციხეში ბრძოლისთვის, საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის. ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, ვიდრე მათ დაჭერამდე იყო. ეს გამორიცხული ამბავია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშე გამარჯვება გაგვიჭირდება, თუ საერთოდ შესაძლებელია. ამიტომ ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ აქედან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ მედიასთან საუბრისას.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები