ჩვენ მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ და გაცილებით წინ ვართ. საქართველოს მოსახლეობამ ბევრი გამოცდა გამოიარა. ეს აქციები არის ძალიან მშვიდობიანი, ჩვენ გვაქვს არჩევნები და მე გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებში, რომელიც იქნება რეფერენდუმის მსგავსი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა „სიენენის“ წამყვანის, კრისტინ ამანპურის შეკითხვას, „რამდენად ხედავს საქართველოს პრეზიდენტი საფრთხეს, რომ საქართველოში იმ სცენარით განვითარდეს მოვლენები, როგორც ეს 2013 წელს უკრაინაში მოხდა?“
ზურაბიშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პირადად ჩაერთვება არჩევნებში, არამედ იქნება გარანტორი პროევროპული, დასავლური ფრონტის პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდები, რომლებიც უკვე სამი კვირაა, მონაწილეობენ პროტესტში ისე, რომ არცერთი ფანჯარა არ ჩაუმსხვრევიათ და არ დაუწვიათ არცერთი მანქანა. ეს ძალიან ბევრს მეტყველებს, რამდენად მოწიფულია მოსახლეობა საქართველოში და როგორი შემართული არიან, რათა დაიცვან ევროპული გზა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნები ასევე არის გზა, რათა ყველა მიუღებელი კანონის უკან წაღება მოხდეს.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საზოგადოების ეს მობილიზაცია და პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია არჩევნების მოსაგებად, რადგან ეს არის ევროპული გზა. არა მთავრობის გადაგდება, არამედ არჩევნებში გამარჯვება. და მოსახლეობის ის უმრავლესობა, რომელსაც სურს ევროპა, იქნება არჩევნებზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომლის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.