Monday, November 25, 2024
5.8 C
Tbilisi

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი: საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზეა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას, მხარს ვუჭერთ, გახდეს რეგიონული ჰაბი

აზიის განვითარების ბანკი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის განვითარებას, ფინანსური, კლიმატური, გარემოსდაცვითი, მდგრადი ენერგიის თუ სხვა მიმართულებით, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური, 57-ე შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე მდებარეობს, შესაბამისად, ADB-ი მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს რეგიონულ ჰაბი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ქალაქ თბილისის მთავრობას შესანიშნავი მასპინძლობისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში – პირველად და კავკასიის რეგიონში მეორედ ჩატარება. „ხიდი მომავლისკენ“ გახლავთ წლევანდელი შეხვედრის თემატიკა, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ადგილმდებარეობას აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება. ბანკმა საქართველო, საერთო ჯამში, სუვერენული სესხისა და გრანტების სახით, 3.9 მილიარდი აშშ დოლარით დააფინანსა, 900 მილიონ დოლარზე მეტი კერძო სექტორის პროექტებზე მოდის. ჩვენი პარტნიორობის სტრატეგია მხარს უჭერს სამ პრიორიტეტს: ეკონომიკურ განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და საჯარო მმართველობა. ჩვენი ოპერირების ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერას გავაგრძელებთ. საქართველოს მდებარეობა არის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე და, შესაბამისად, საქართველოს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში. აზიის განვითარების ბანკი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის განვითარებას, ფინანსური, კლიმატური, გარემოსდაცვითი, მდგრადი ენერგიის თუ სხვა მიმართულებით. ამასთან, საქართველოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მდებარეობის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონულ თანამშრომლობას. ADB აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს რეგიონულ ჰაბი“, – განაცხადა მასაცუგუ ასაკავამ.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგიონულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

„ამ სამ ქვეყანას შორის რეგიონული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. აზიის განვითარების ბანკი მოხარულია, მხარი დაუჭიროს დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკას, რათა სტიმული მისცეს ადამიანებისა და ტვირთების მშვიდობიან მოძრაობას რეგიონის ირგვლივ“, – აღნიშნა მასაცუგუ ასაკავამ.

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური, 57-ე შეხვედრა საქართველოში პირველად იმართება. ღონისძიებაში 70-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის არიან მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები, დიპლომატები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სამთავრობო დელეგაციები.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები