აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს კამბოჯის ეროვნული ბანკის დელეგაცია ეწვია.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და კამბოჯის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სერეი ჩიმ.
შეთანხმების მიზანია უზრუნველყოს მხარეთა შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩო, რათა ხელი შეეწყოს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბაკს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მათი ძირითადი ფუნქციებისა და მანდატის ფარგლებში.
მხარეები უზრუნველყოფენ რეგულარულ ტექნიკურ თანამშრომლობას ექსპერტულ დონეზე ცენტრალური ბანკის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავება, საპროცენტო განაკვეთის დერეფნის დადგენა, ლიკვიდობის პროგნოზირება, დედოლარიზაციის გამოცდილება, საგადახდო სისტემები და ციფრული ინოვაციები საგადახდო სერვისებში. ამ მიზნით იგეგმება შესაბამისი დისკუსიების გამართვა, ასევე, ერთობლივი სემინარებისა და კვლევების წარმოება ურთიერთშეთანხმებულ სფეროებში.
მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია მხარეებს შორის მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლა ეკონომიკურ და ფინანსურ მოვლენებსა და ცენტრალური ბანკის საქმიანობის საკითხებზე. მათ შორის, თითოეული მხარის იურისდიქციაში მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესახებ.