Monday, November 25, 2024
6.8 C
Tbilisi

ირაკლი ჩიქოვანი: „ჩვენი გმირები განასახიერებენ გაუტეხელ საქართველოს, რომელიც არასოდეს დათმობს თავისუფლებას“

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ ღონისძიებაზე, სამხედრო მოსამსახურეებს ქართული ჯარის დაარსების 33 წლის იუბილე მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების დღე მიულოცა მოქმედ სამხედროებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირები გაიხსენა. 

მინისტრმა თანამედროვე თავდაცვის ძალების აღმშენებლობისა და განვითარების პროცესში სამხედროების სხვადასხვა თაობის ღვაწლი, პროფესიონალიზმი და სამშობლოს წინაშე მათი თავდადება ხაზგასმით აღნიშნა: „დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ყველა ვეტერანს, მამაც, ღირსეულ და გაუტეხელ მებრძოლებს. ბევრი ვეტერანი დღესაც აგრძელებს სამშობლოს სამსახურს და ახალგაზრდა თაობას გამოცდილებასა და პროფესიულ ცოდნას გადასცემს. თავდაცვის ძალების დღე მინდა მივულოცო ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებმაც, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას ჯანმრთელობა შესწირეს და თავიანთი გაუტეხელობით, ბრძოლისუნარიანობით დღესაც უდიდეს სიამაყეს იწვევენ, ემსახურებიან სამშობლოს და საამაყო გამარჯვებებით გვახარებენ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და აღნიშნა, რომ თავისუფლების, გლობალური მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისთვის ბრძოლაში, ჩვენმა ქვეყანამ მძიმე ფასი გადაიხადა: „ქედს ვიხრი თითოეული გმირი სამხედროს წინაშე, რომელმაც საოცარი თავგანწირვა, გმირობა, სამშობლოსა და ღირებულებებისადმი ერთგულება აჩვენა. ჩვენი გმირები განასახიერებენ გაუტეხელ და ბოლომდე მებრძოლ საქართველოს, რომელიც არასოდეს დათმობს თავისუფლებას“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები