Thursday, November 21, 2024
6.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე: ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვარი 40 ათასი ლარიდან უნდა გაიზარდოს 60 ათას ლარამდე და უნდა შემცირდეს გადასახადის განაკვეთები

საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დღეისათვის 40 ათასი ლარი თავისი მსყიდველობითუნარიანობით 167 პროცენტით ჩამოუვარდება 2004 წლის მაჩვენებელს და დღეს, ფაქტობრივად, ღარიბი ოჯახებიც კი ექცევიან ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიაში.

როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, თუ ოჯახიდან, სამი ადამიანი მუშაობს და მათი ხელფასი ათას ლარს აღემატება, მათ სარგებლობაში არსებულ ბინაზე, მიწაზე თუ სხვა სახის უძრავ ნივთზე გადასახადი უნდა გადაიხადონ და თანაც საკმაოდ მაღალი განაკვეთით, რაც უსამართლობაა. მისი აზრით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვარი 40 ათასი ლარიდან უნდა გაიზარდოს 60 ათას ლარამდე და ამავე დროს, უნდა შემცირდეს გადასახადის განაკვეთები.

გოცირიძე იხსენებს, რომ როდესაც 2004 წელს ფიზიკურ პირებზე ქონების გადასახადს აწესებდნენ,  საგადასახადო კოდექსში (ეს თავი მთლიანად ჩემი დაწერილი იყო მაშინ, ისევე როგორც დღემდე მოქმედი ავტომობილების დაბეგვრა, ძრავის მოცულობიდან გამომდინარე), გადასახადისგან გათავისუფლდა ის ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალი იყო 40 ათას ლარზე ნაკლები.

„გამოდიოდა, რომ თუ თვეში დაახლოებით 3300 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა ოჯახს, მაშინ ქონების გადასახადს არ გადაიხდიდა. ეს ძალიან დიდი ფული იყო მაშინ. იმ დროს  ერთი დასაქმებულის საშულო თვიური ხელფასი ათჯერ ნაკლები იყო, ვიდრე არის დღეს“, – აცხადებს დეპუტატი და ხსნის, თუ რატომ ჩაიწერა 40 000 ლარი კანონში.

„საიდან მოვიტანე ეს 40 ათასი? მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილება ედო ამას საფუძვლად – ისე არ უნდა მომხდარიყო, რომ დეპუტატები აღმოჩენილიყვნენ ქონების გადასახადიდან განთავისუფლებულთა კატეგორიაში. მაშინ დეპუტატის ხელფასი სამი ათას ლარზე ოდნავ მეტი იყო და იმის მერე დიდად არც შეცვლილა. ფაქტობრივად,  იგივეა დღესაც, მხოლოდ ქუთაისში მგზავრობისა და სასტუმროში ცხოვრების დანამატი გადავიდა სახელფასო ნაწილში“, – ამბობს რომან გოცირიძე.

მისი შეფასებით, სადღეისოდ, 40 ათასი ლარი თავისი მსყიდველობითუნარიანობით 167 პროცენტით ჩამოუვარდება 2004 წლის მაჩვენებელს.

„დღეს,  ფაქტობრივად ღარიბი ოჯახებიც კი ექცევიან ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიაში. თუ ოჯახიდან, მაგალითად,   სამი ადამიანი მუშაობს და მათი ხელფასი ათას ლარს აღემატება, მათ სარგებლობაში არსებულ ბინაზე, მიწაზე თუ სხვა სახის უძრავ ნივთზე გადასახადი უნდა გადაიხადონ და თანაც საკმაოდ მაღალი განაკვეთით“,- აღნიშნავს კანონმდებელი.

მისი აზრით, ასეევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში მკვეთრად გაიზარდა უძრავი ქონების ფასი, განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივად შემოსვლის შემდეგ და აღნიშნული გადასახადი მძიმე ტვირთად აწვება დაბალი შემოსავლების მქონე (და არა მხოლოდ მათ)  ოჯახებს.

„სხვადასხვა მიზეზით ჯერ ყველა არ იხდის ამ გადასახადს (რაც კანონდარღვევაა), მაგრამ ასე ვერ გაგრძელდება დიდხანს და სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება მომავალში ასეულ ათასობით ადამიანი“, – მიიჩნევს გოცირიძე.

მან პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ქონების გადასახადისაგან განთავისუფლების ზღვარი 40 ათასი ლარიდან უნდა გაიზარდოს 60 ათას ლარამდე. ამავე დროს, უნდა შემცირდეს გადასახადის განაკვეთები და იგი უფრო მეტად დიფერენცირებული უნდა იყოს შემოსავლების ოდენობის მიხედვით, ვიდრე იგი დღეს არის. ამჟამად მხოლოდ ორი განაკვეთია-100 ათას ლარამდე წლიური შემოსავლისათვის და 100 ათას ლარზე მეტისათვის. ეს უნდა შეიცვალოს.

„ინფლაციის, ლარის გაუფასურებისა და შემოსავლების ოდენობის ცვლილებებიდან გამომდინარე, აღნიშნული გადასახადი იმდენად მოძველებულია და რეალობასთან შეუსაბამო, რომ იმედია საპარლამენტო უმრავლესობა გააცნობიერებს ამას და დროულად მიიღებს ამ კანონს.

არც იმაზე ვიდარდებ დიდად, თუ ჩემს კანონპროექტს კოსმეტიკურად შეარემონტებენ და საკუთარ იდეებად გაასაღებენ “ოცნებაში” და ქულებს თვითონ ჩაიწერენ. მთავარია საქმე გაკეთდეს. ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაგალითად, მცირე ბიზნესის დაბეგვრის  შესახებ ჩემი კანონპროექტი ჩააგდეს, შემდეგ კი იგივე კანონპროექტი, მცირეოდენი ცვლილებებით თავად წარადგინეს და დღეს უკვე კანონის სახით მუშაობს და საკმაოდ კარგადაც.

იქნებ საოცრებაც მოხდეს და ოპოზიციის ერთ კანონპროექტს მაინც დაუჭირონ მხარი, ვნახოთ!“ – წერს გოცირიძე.

საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, რომ ქონების გადასახადის დადგენის კრიტერიუმები და განაკვეთები ახლებურად ჩამოყალიბდეს. „საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები ბიუროს სხდომაზე წარედგინა.

ცვლილების თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 60 000 ლარს. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი 40 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 60 000 ლარამდე.

კერძოდ, ცვლილებებით, 150 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის იყოს საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არაუმეტეს 0.1 პროცენტის; 150 000-დან 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.4 პროცენტისა და არაუმეტეს 0.6 პროცენტის. 500 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის კი – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს ერთი პროცენტის.

„აქედან გამომდინარე, იცვლება მოქმედი რედაქციით არსებული 100 000 ლარამდე შემოსავლის ზღვარი და საგადასახადო განაკვეთი, რომელიც შეადგენდა არანაკლებ 0.05 პროცენტს და არაუმეტეს 0.2 პროცენტს. ასევე, იცვლება 100 ლარის ან მეტი შემოსავლის ზღვარი და საგადასახადო განაკვეთი, რომელიც იყო არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს ერთი პროცენტის. ცვლილების თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 60 000 ლარს. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი 40 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 60 000 ლარამდე”, – განმარტავს კანონპროექტში რომან გოცირიძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები