Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

ირაკლი ღარიბაშვილი: რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ბოლო 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან, ამოქმედდა თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და დეკემბერში ველოდებით კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია.

„დღემდე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან; ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან; არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთთან. მთლიანობაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საქართველოში ინვესტორებს აძლევს წვდომას 2,3-მილიარდიან მომხმარებელთა ბაზარზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ივლისში მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში და ჩვენ ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანეთ ახალ დონეზე, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გავაფორმეთ, რაც აძლევს ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიან რეგიონს.

მინდა ასევე აღვნიშნო, რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან.

ძვირფასო კოლეგებო, მე მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის დაინტერესებული, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის რეგიონთან, რაც მოიტანს მეტ კეთილდღეობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა პრეზიდენტ ალიევს დღევანდელი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის და გისურვოთ წარმატება მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები