რაც მთავარია, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, გახსოვთ კარგად, შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, ვინაიდან, საქართველომ ვერ მიიღო მაშინ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი და შეიძლება ასე ითქვას, გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა.
„მე მჯერა, რომ დეკემბერში მიიღებს ჩვენი ქვეყანა, საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება, მიიღებს კანდიდატის სტატუსს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის უდავოდ ძალიან ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე.
მინდა ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ჩვენი გუნდის მიერ მიღწეული შედეგებისა. დღევანდელი დღე, შეიძლება ასე ვთქვათ, არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11 წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ის დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება, შეიძლება ასე ითქვას, ევროპეიზაციის 10 წელი, შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ მშვიდობიან 10 წლიან პერიოდს, ვინაიდან, თუ ვინმე, რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა რაიმე გააკეთა ხელშესახები ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის ქართული ოცნება. ეს არის ასოცირების შეთანხმება, შეგახსენებთ, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელიც შარშან მივიღეთ და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი, რომელიც დეკემბერში საბოლოოდ, მე მჯერა, გაფორმდება. ეს არის მოკლედ შეჯამება ჩვენი მუშაობის, ჩვენი მმართველობის. ქვეყანამ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ბოლო 11 წელიწადში მიაღწია უპრეცენდენტო მშვიდობას, სტაბილურობას, მიუხედავად არნახული გამოწვევებისა და გართულებული უსაფრთხოების გარემოსი ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა პრემიერმა.