საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი სასამართლომ წარდგენილ ყველა ბრალდებაში – ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. მას ჩამოერთვა ქონების ნაწილი. ასევე, მიქაუტაძეს აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ჩამოერთვა ქონება – ესპანეთისა და მცხეთის სახლები, მისი და მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა “ნახიდურჰესის” 15%-იანი წილი.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – ფულის გათეთრება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩანის გამოცხადებას თავად მიქაუტაძე არ დასწრებია.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს.
მას ბრალი სსკ-ის რამდენიმე მუხლით წარედგინა, მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.
ასევე – სსკ-ის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ. ისჯება ჯარიმით ან 3-დან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი წარედგინა 337-ე მუხლით, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. ისჯება შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტითაც, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს [ფულის გათეთრება], რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება.

