მიხეილ სააკაშვილი: როგორ მოხდა, რომ მარნეულში ახალგაზრდები დარბიან ხამენეის პორტრეტებით? ჩვენ ვართ ახლოს ძალიან საშიშ ეთნიკურ კონფლიქტთან

„ეს არის ეგზისტენციალური საკითხი თითოეული ჩვენგანისთვის. როგორ მოხდა, რომ ირანის კაციჭამია რეჟიმის მხარდამჭერი აღმოჩნდა ჩვენი აზერბაიჯანული მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი? როგორ მოხდა, რომ მარნეულში ახალგაზრდები დარბიან ხამენეის პორტრეტებით?

ან ის რომ ჩვენი აზერბაიჯანელები აღმოჩნდნენ ძალიან ადვილად „დასავერბოვკებლები“ ირანის ტერორისტული სპეცსამსახურისთვის და როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ აზერბაიჯანი იძულებული გახდა საზღვარი ჩაეკეტა საქართველოსთან, სწორედ იმისთვის, რომ თავის ტერიტორიაზე არ შეეშვა ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეები, დაფიქრდით აზერბაიჯანი არ უშვებს აზერბაიჯანელებს.

ვარდების რევოლუციამდე აზერბაიჯანელები იზოლირებულად ცხოვრობდნენ. ძირითადად დაკავებული იყვნენ სოფლის მეურნეობით, არ ფლობდნენ ქართულს, არ მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ უმოწყალოდ ავიწროებდა მილიცია.

ერთხელ შევარდნაძესთან იუსტიციის მინისტრად მუშაობის დროს ბოლნისში ჩავჯექი დეზერტირების ბაზარზე მიმავალ ავტობუსში. ბოლო ადგილზე ვიჯექი, მზის სათვალე და ქუდი მეკეთა, რაღა არ ვეცნეთ და ვიდეოზე ვიღებდით გაიშნიკების მიერ ჩვენს გაჩერებას.

ბაზრამდე ზუსტად 21-ჯერ გაგვაჩერეს, ყოველ ჯერზე ფულის მოთხოვნით. როცა აზერბაიჯანელებს დაუმთავრდათ ფული, სადღაც თბილისის მისადგომებთან, მილიციამ დაიწყო პომიდვრის, ხახვის, ცოცხების გამორთმევა.

ეს ვიდეო ვაჩვენე შევარდნაძეს და მის მინისტრებს, უშიშროების საბჭოზე. პრეზიდენტის რეაქცია ნულოვანი იყო, ხოლო მინისტრები ხარხარებდნენ.

ჩვენმა ხელისუფლებამ 2004 წლიდანვე გააუქმა მილიცია, შეწყდა ხალხის შევიწროება.

მერე დავიწყეთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი აზერბაიჯანელების ინტეგრაციისთვის. ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა განათლების მინისტრმა კახა ლომიამ იყო აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებისთვის უნივერსიტეტში ჩაბარების გამარტივება.

ამის შემდეგ აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, რომლებიც ექსკლუზიურად აზერბაიჯანში მიდიოდნენ ადრე სასწავლებლად დარჩნენ საქართველოში.

გარდა ამისა, მოგვიანებით ჩვენ გავაგზავნეთ ქართველი მაგისტრანტები ქართულის მასწავლებლებად უმცირესობების რეგიონებში, გადავუხადეთ მათ 1500 ლარი თვეში, რაც მაშინ 900 დოლარი იყო (ინფლაციის კურსის გათვალისწინებით დღევანდელი 1600$)

ამის გარდა, ჩვენ დავიწყეთ აზერბაიჯანელების დაწინაურება სახელმწიფო ორგანოებში. იყო ეს საკმარისი? – ალბათ არა, მაგრამ მთლიანობაში დავიწყეთ მოძრაობა სწორი მიმართულებით.

რა მოხდა ქოცების დროს – დაბრუნდა კორუფცია და პირდაპირი რეკეტი და რაც მთავარია გაჯეჯილდნენ ირანიდან მოვლენილი ისლამისტები და ირანის ტერიტორიული სადაზვერვო სამსახურები.

ბოლო ხანს რამდენიმე ქვემო ქართლელი დაკავებულ იქნა ევროპის ქვეყნებში, ირანისთვის ჯაშუშობისთვის (ბოლო მათგანი რამდენიმე დღის წინ დააკავეს საბერძნეთში).

ისლამისტების გავლენა განსაკუთრებით ძლიერია ახალგაზრდობაში, რომელთაც აზერბაიჯანმა რელიგიური რადიკალიზმის შიშით ჩაუკეტა საზღვარი, ხოლო თბილისი არ სთავაზობს არანაირ მომავალს, როგორც არ სთავაზობს მომავალს ქართულ ახალგაზრდობასაც. თუ ქართველები ამას პასუხობენ პროტესტით ან საზღვარგარეთ გადახვეწით, აზერბაიჯანელები შვებას პოულობენ ირანულ რადიკალურ შიიზმში.

დასკვნა არის უკიდურესად სავალალო. ჩვენ ვართ ახლოს ძალიან საშიშ ეთნიკურ კონფლიქტთან. აი ეს მოჰყვება რუსეთის მიერ თავზე მოხვეულ სახელმწიფოს დემონტაჟს. სასწრაფოდ უნდა გავაგდოთ ესენი. სხვანაირად უახლოეს წლებში საქართველო მარტივ მამრავლებად დაიშლება.

არავის უფრო მეტი არ გაუკეთებია აზერბაიჯანელების ინტეგრირებისთვის საქართველოში ვიდრე მე, არავის ისე არ უყვარს ისინი როგორც მე, მაგრამ მხოლოდ წარსულის მოხმობით შორს ვერ წავალთ. მხოლოდ ყველა ეთნიკური წარმოშობის ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებით უნდა მივაღწიოთ შედეგს – საქართველოს და თითოეული მისი მოქალაქის თავისუფლებას“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები