ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე სისტემას ამხელს და აცხადებს, რომ საქმეებზე გადაწყვეტილებები ივანიშვილის, მურუსიძის, ჩინჩალაძის და სხვების, ასევე სუს-ის ჩარევით მიიღება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიომ ალავიძემ, რომელიც ამჟამად უცხოეთში იმყოფება, გასული წლების სასამართლოს გახმაურებულ საქმეებზე და მოსამართლეების, მათ შორის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გევენეტაძის მიმართ უპრეცედენტო ზეწოლის შესახებ სკანდალური განცხადბები გააკეთა. 2022 წელს გაკეთებულ 3-საათიან ვიდეოჩანაწერში, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი კახა წიქარიშვილი ავრცელებს, ალავიძე ჰყვება, თუ როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები რეზონანსულ საქმეებზე ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ვალერიან ცერცვაძისა და ვასილ როინიშვილის ზეწოლის პირობებში.

როგორც ამ ჩანაწერით ირკვევა, მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო, ბესარიონ ალავიძე თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.

„კაფეში იყო მურუსიძე, ჩინჩალაძე, ვასილ ცერცვაძე და ვალერი როინიშვილი, იყო სუფთად ქურდული, ქუჩური გარჩევა. მე ვუთხარი, არაფერს არ გავაკეთებ, რაც სწორია იმ გადაწყვეტილებას მივიღებ-მეთქი. მეორეჯერ რომ დამირეკა ვალერი ცერცვაძემ, იგივე კაფეში გამოდიო, მარტო შემხვდა და მიხსნიდა, რომ პრობლემები შემექმნებოდა, ყველაფრიდან ჩამხსნიდნენ და გარიყული ვიქნებოდი, არავინ მომესალმებოდა.

მეორე შეხვედრის შემდეგ როდესაც შევხვდი ცერცვაძეს, მე ვუთხარი, რომ არ გავაკეთებ ამას და დავასრულებ სიცოცხლეს-მეთქი. იმ დღეს წამოვედი სამსახურში და მართლა ვემზადებოდი სუიციდისთვის. სახლში არ წავედი იმ ღამით. დილის 4-5 საათი იყო მურუსიძე რომ მოვიდა სამსახურში. ვფიქრობ, [ცერცვაძემ] რაღაც საფრთხე იგრძნო, რაღაც არ დაწეროს და თავი არ მოიკლასო. მურუსიძესთან მე კომუნიკაციაც არ მქონია, მოვიდა და მითხრა, დაწერე განცხადება და მაგ საქმეს სხვას მივცემთო“, – ამბობს ალავიძე.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ჩანაწერში „რუსთავი 2“-ის საქმეზეც ისაუბრა და გაიხსენა, რომ „ტვინის გასხმევინებით“ დაემუქრნენ:

„ეკამ გვითხრა მე და პაატას, რომ გვენეტაძემ თქვენზე თქვა მაგათ მიხედავენ და ტვინს გაასხმევინებენო . მე და პაატა შევთანხმდით, რადგან ასეთი მუქარა იყო, რომ ტვინს გაგვასხმევინებდნენ და იყო საფრთხე, რომ ჩვენ ციხეში ჩაგვსვამდნენ, მივეცით ჩვენება, რომ არ იყო ზეწოლა ჩვენზე. თუმცა ვთქვით, რომ როცა მთავრობა შეიცვლება ვიტყვით, რომ იძულების ქვეშ მივეცით ეს ჩვენება.

მზიამ რომ მოგვცა გადაწყვეტილების პროექტი, თქვა, რომ სანამ წამოვიდოდი მთხოვა ბიძინამო, რომ იქნებ შენ დაწეროო. მოგვცა და გვითხრა ამით იხელმძღვანელეთო. გვენეტაძემ დაიბარა პაატა, პაატამ მითხრა შენც დაგიბარებსო.

გვენეტაძემ დაიწყო ტირილი, რაც გინდა მთხოვე და შეგისრულებ, იქნება დაუშვებლობის განჩინებას მოაწერო ხელიო. მე აქ იმის გამო დამნიშნეს, რომ ეს საქმე გამეკეთებინაო“, – აცხადებს ალავიძე 2022 წლის ვიდეო ჩანაწერში.

2 ოქტომბერს ალავიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას კი განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადრეც და ახლაც ერევა სასამართლო სისტემის საქმიანობაში.

მან ასევე თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც თანამდებობა, ვითომ ავადმყოფობის გამო დატოვა, სინამდვილეში „ციანადისი საქმეზე“ ხელის მოწერის შემდეგ წავიდა პოსტიდან. ალავიძის თქმით, მას პრობლემები ჰქონდა სწორედ ჩარევებთან დაკავშირებით და ბოლოს თვითონვე იქცა „კლანის მორჩილად“.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ გვენეტაძე „ციანიდის საქმეზე“ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, თუმცა, ხელი მაინც მოაწერინეს.

„მოსამართლე ნინო გვენეტაძემ მოაწერა ხელი ციანიდის საქმეს, ბოლო ინსტანციაში როცა წავიდა ციანიდის საქმე და თუ არ ვცდები, მეორე დღეს ის ტოვებს თანამდებობას, ის არ წასულა ავადმყოფობის გამო, მას პრობლემები ჰქონდა მსგავსი ტიპის ჩარევებთან და საქმეებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ბოლოს თვითონაც იქცა კლანის მორჩილად, გარკვეულწილად. ამიტომ, მას მოუწია იძულებით წასვლა და ის ჯანმრთელობის გამო არ წასულა სასამართლოდან. მეორე დღეს წავიდა, როგორც ციანიდის საქმეს მოაწერა ხელი, როგორც ვიცი და მე ყურმოკვრით მაქვს ინფორმაცია, რომ ის არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას და იძულებით მოაწერინეს მასაც ხელი“, – განაცხადა ბესარიონ ალავიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ხდება სასამართლოში საქმის გარჩევები. როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, თუ მის მიმართ განხორციელდება რაიმე სახის მუქარა, ან პროკურატურა საქმეს შემოატრიალებს მის წინააღმდეგ, ამ ჩანაწერს „ტვ პირველს“ გადასცემს.

ალავიძე ურჩევს მოსამართლეებს, რომ დღესვე დაწერონ განცხადება თანამდებობიდან წასვლაზე.

„კლანის წევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მანტიამოსხმულები არიან უვადოდ, ვურჩევ, რომ დღესვე დაწერონ განცხადება, თუ ისინი გაბედავენ იმას, რომ ჩემ მიმართ განახორციელებენ მუქარას, ან თუ პროკურატურა გაბედავს, რომ შემოატრიალოს ეს საქმე და მე გამომიყვანოს ამ საქმეში დამნაშავე, მე მაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც გადმოგცემთ თქვენ, ამასაც მოისმენს მთელი საზოგადოება და ნახავს, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენს, რა ხდება სასამართლოში. როგორ ხდება საქმის გარჩევა, პირდაპირი მტკიცებულება არის ამის. ეს არის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ასახული არის ამ მტკიცებულებაში სქემა, როგორ ხდება მოსამართლეების დანიშვნა, წინასწარ გარიგება  და ვაჭრობა მათთან“, – აღნიშნა ალავიძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის ჩანაწერი გააჩნია მას.

ყოფილმა მოსამართლემ მოსყიდვასა და მუქარებზე საუბრისას თქვა, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლოდან წავიდა, არაერთი მცდელობა ჰქონდათ, მისთვის კარგი თანამდებობა, ან სასამართლოში უკან დაბრუნება შეეთავაზებინათ.

ალავიძე იხსენებს ყველა იმ შეხვედრას, რომელიც 2022 წელს მისი ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვას მოჰყვა და ამბობს, რომ გაჩუმების სანაცვლოდ რამდენიმი შეთავაზება მიიღო, მას შემდეგ კი, როცა შეთავაზებაზე უარი თქვა, საქმეში სუს-ი ჩაერთო და მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს.

მისი თქმით, მათ კარგად იცოდნენ, რომ რაღაც ჩანაწერი არსებობდა და სწორედ ამ ჩანაწერის მიღებას და გაჩუმებას სთხოვდნენ.

„მოსამართლეობიდან წამოსვლის შემდეგ, ჩემ მიმართ მუქარები და შემოთავაზებები არ გაჩერებულა. 2022 წლის ზაფხულში, ბიძინა ივანიშვილისადმი საჯარო მიმართვა გავაკეთე და მოვუწოდე, რომ კლანი გაუშვას სახლში, დაახლოებით 1 კვირის ვადაში დამიკავშირდა მისი ბანკის დირექტორი, ზურაბ გედენიძე, შემხვდა. არ უხსენებია ივანიშვილი, მაგრამ „ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი სხვანაირად არ შემხვდებოდა, მან შემომთავაზა გარკვეული თანამდებობები, მაგალითად თბილისის სატრანსპორტი კომპანიის ხელმძღვანელის პოზიცია, თან ამიხსნა, რომ შემეძლო სახლში ვყოფილიყავი და ხელფასს მომიტანდნენ სახლში, ანუ გაჩუმების სანაცვლოდ მოსყიდვის მცდელობები იყო. სუს-ის თანამშრომლები სასამართლოდან წამოსვლის შემდეგაც მაკითხავდნენ, მათ იცოდნენ რომ ჩანაწერი არსებობდა, ითხოვდნენ, რომ მეთქვა და იყო მათი მხრიდან შემოთავაზება თანხისაც, ისევ სასამართლოში დაბრუნებისაც. სასამართლოდან წამოსვლის შემდეგ შემხვდა ვალერი ცერცვაძე, მან მომთხოვა გაჩუმება და ამიკრძალა ჟურნალისტებთან თანამშრომლობა, მიუხედავად იმის, რომ მოსამართლე აღარ ვიყავი და სრული უფლება მქონდა ვისაც მინდოდა შევხვედროდი, მითხრა, დამეხმარებოდა სასამართლოში დაბრუნებაში, თუ მე ჩუმად ვიქნებოდი. ასევე შემხვდა სუს-ის თანამშრომელი და მითხრა, რომ შენი სურათებით დადიან სუს-ში და გირჩევთ, ჩუმად იყავი, შეიძლება ციხეში დაასრულოო. ეს არ შეწყვეტილა. ჩემი ოჯახის წევრის ნათესავთან რაიონში ჩავიდნენ და მეზობლებისგან ითხოვდნენ ინფორმაციას ჩემზე და ა.შ.” – განაცხადა ბესარიონ ალავიძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები