„თვე არ გავა ან წყალი არ შეწყდეს ავარიულად ან შუქი. გუშინწინ მთელი ღამე უშუქოდ ვიყავით, დღეს მთელი დღე უწყლოდ ვიქნებით. დაბრუნდა სანთლებისა და დენის განათების დასატენი მოწყობილობების დრო. წყლის მარაგების დაგროვებასაც კარგა ხანია მივყავით ხელი.
ვერა და ვერ მოხდა ამ ორი ქსელის მოდერნიზება. თბილისში დენით და წყლით მომარაგება ჯერ კიდევ საბჭოური სისტემის გადმონაშთებია. მხოლოდ ამწუთიერ მოგებაზე არიან ორიენტირებულები. რუსული კომპანია დიდად არც იზრუნებს მის განვითარებაზე. ხსნიან ნაღებს მისი რუსი მეპატრონეები და მმართველები. ამას ემატება კალაძის მიერ 2013 წელს „ინტერრაოსთან“ გაფორმებული დანაშაულებრივი და კორუფციული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თბილისში დენის ტარიფის დროებით, მცირეოდენ შემცირების სანაცვლოდ ამ რუსულ კომპანიას ეპატია „თელასში“ 376 მილიონი ლარის ოდენობის (მაშინდელი 230 მილიონი დოლარი) ინვესტიციის განხორციელება და ხრამზე სამი ჰესის აშენების ვალდებულება. ამ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გამოყენებით „ინტერრაომ“ საქართველოს მოუგო დავა საერთაშორისო არბიტრაჟში და ქვეყანას 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა (94 მილიონი დოლარი ჯარიმების ჩათვლით).
„თელასში“ კალაძემ ვინმე ხვიჩა მაქაცარიას სახით სახელმწიფოს კუთვნილი 25 პროცენტიანი წილი შეიძინა. თუ მანამდე კალაძის სათანადოდ მოხსენიება ხდებოდა როგორც მერისა, ახლა ეს ორმაგად ეკუთვნის როგორც მესაკუთრეს. არბიტრაჟში წაგებული და ბიუჯეტიდან გადახდილი ფულის ნაწილიც მას მიუვა -დავა სწორედაც რომ „თელასის“ გამო წააგო ქვეყანამ“, – წერს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

