პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.
მერობის კანდიდატი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს, საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.
ღონისძიებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
კახა კალაძემ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ გუნდს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
„ზედიზედ მესამედ წარვდგე თბილისის მერობის კანდიდატად – ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მან მმართველი პარტიის მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თბილისი თავისი კულტურითა და ისტორიით არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინი.
„მე კარგად მესმის, რომ თბილისი არ არის უბრალოდ ქალაქი – ის ჩვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების, ქართული სულის გამოძახილია. მის უძველეს ქუჩებში საქართველოს ისტორია სუნთქავს.
ეს ქალაქი საუკუნეებია დგას, როგორც გზაჯვარედინი – აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური კულტურის გადაკვეთის სივრცე. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში მას არ დაუკარგავს თავისი სული, არ დაუკარგავს ეროვნული ღირებულებები. ერთდროულად ქართული იდენტობა და მრავალმხრივი მრავალფეროვნება განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის უნიკალურობას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა იმ დაპირებებზეც, რომელსაც მერად არჩევის შემთხვვევაში, შეასრულებს.
„დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით: თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი – ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს.
თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა – არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ მის წარსულზეც. თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება ნიშნავს ქალაქის სულის გადარჩენას. ვაცნობიერებ, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა იყო ისტორიით სავსე ამ უძველესი ქალაქის მერი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.

