სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტზე მყისიერი რეაგირების შედეგად იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი (გ.უ.), – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში ატმის ნიმუშები აიღეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
„აღსანიშნავია, რომ, მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა სახის საკვებ პროდუქტს რეგულარულად ამოწმებს. სპეციალისტების მიერ სისტემატურად მიმდინარეობს მონიტორინგი; ხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული მოწმდება სხვადასხვა მაჩვენებელზე – პესტიციდებზე, მძიმე მეტალებზე, რადიონუკლიდებზე, ნიტრატებზე. კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და მედიასაშუალებებით მიეწოდება საზოგადოებას; ასევე, ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიულ შემოწმებას და სერტიფიცირებას“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

