თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია მედიას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

„ოჯახის მოთხოვნით, წუხელ, ღამის 02:00 საათზე თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილ იქნა სტამბოლის საავადმყოფოში, საჰაერო გზით. აბსოლუტურად მათი თხოვნა იყო. მანამდეც იყო საუბარი ამ თემაზე. გუშინ ამის შესახებ არ გვითქვამს, რადგან ჩამოყალიბებული არ იყვნენ. გვიან ღამით მიიღეს გადაწყვეტილება, თავად გამოიძახეს რეანიმობილი, თვითმფრინავი იქიდან ჩამოფრინდა და თორნიკე რიჟვაძე გადაიყვანეს. მდგომარეობა იყო აბსოლუტურად სტაბილური. კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული ჰქონდა პარამეტრები, თუმცა მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ, რადგან გადაყვანა უნდოდათ და საჰაერო ფრენის დროს მოხსნა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მძიმე პაციენტია, აპარატულ სუნთქვაზეა, მაგრამ გაუმჯობესებული იყო პარამეტრები, იყო აბსოლუტურად კონტაქტური. ოჯახის მოთხოვნით მოხდა გადაყვანა. გუშინ არც ლევან რატიანმა და არც ბატონმა პრემიერმა არ თქვეს, რადგან ჩამოყალიბებული არ იყო ოჯახი. მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ. სტაბილურად იყო, სხვანაირად არ წაიყვანდნენ, რადგან უნდა ეფრინა. აბსოლუტურად სტაბილური პარამეტრები ჰქონდა, ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით წაიყვანეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევეწინააღმდეგოთ ოჯახს. ოჯახს როგორც სურს, ისე უნდა უმკურნალონ, ეს მათი უფლებაა“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მანამდე, 8 ივლისს, საღამოს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, პაციენტი კონტაქტური, ადეკვატურია და ასრულებს მარტივ დავალებებს.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით, კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ ალაგებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები, რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება. კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები