პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „გრანტების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ცვლილებებით, რამდენიმე პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის თანხმობა არ დასჭირდება.
კერძოდ, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონის მეხუთე პრიმა მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ გავრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე, აგრეთვე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერასმუს+ (Erasmus+) ფარგლებში გაცემულ გრანტებზე“.
„არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, შესაბამის თანხმობას საჭიროებს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერასმუს+ (Erasmus+) ფარგლებში გაცემული გრანტები. საქართველო ახორციელებს აღნიშნული პროგრამების განხორციელებისთვის გარკვეულ კონტრიბუციას, ფულადი შენატანების სახით, ამავე პროგრამების ფარგლებში გაცემული გრანტები ნაკლები რისკის შემცველად შეიძლება ჩაითვალოს სუვერენიტეტის შელახვის, პოლიტიკური ინტერვენციის ან უსაფრთხოების რისკების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ამ პროგრამებზე მიზანშეწონილია საგამონაკლისო წესის გავრცელება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
მანამდე „გრანტების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია.
უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.