ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ჟურნალ „მოსახლეობის ეკონომიკაში“ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.
„ა.წ. 27 თებერვალს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ჟურნალ „მოსახლეობის ეკონომიკაში“ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა.
„მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ნაყოფიერება“, – ნათქვამია პოსტში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს.
P.S. დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნათლულთა რიცხვი 48 000-ზე მეტია“, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელსაც აღნიშნული კვლევის ნაწილის ქართული თარგმანი ახლავს თან.