თბილისის მერია „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის განხორციელებას მიმდინარე წელსაც განაგრძობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაეხმარება მათ, ვისაც ამის საჭიროება და აუცილებლობა აქვს.
„ჩვენს ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. ვეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ ესაჭიროება ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა. ამიტომ მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით. ეს არის „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ. პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვს. პროგრამით ერთ მოქალაქეს 6 000 ლარი უფინანსდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მომსახურების მისაღებად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს, რომელიც საჭირო საბუთებს სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ატვირთავს.
თბილისის მერის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე კერძო დაზღვევით სარგებლობს, მაშინ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოთხოვნის მოდულში ატვირთვის შემდეგ მან ან მისმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა შემოიტანოს ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან.
„ჩვენ პროგრამის დაწყებიდან, 2023 წლის სექტემბრიდან დღემდე, 812 შემთხვევა დავაფინანსეთ. კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატოთ მზადყოფნა და თანადგომა იმ მოქალაქეებთან მიმართებაში, ვისაც აღნიშნული საჭიროება აქვთ. შეგიძლიათ, ისარგებლოთ აღნიშნული პროგრამით და მუნიციპალიტეტი ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება. მაქსიმალურად დაგეხმარებით, რომ არსებული პრობლემა იყოს მოგვარებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.