სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.4 პროცენტი), თევზეული (-0.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (7.1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.4 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.0 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-2.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.” -აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.