მე მინდა მშვიდობა, ზელენსკი პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს საპატიო ოვალურ ოფისში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა თეთრ სახლში. ბევრი რამ შევიტყვეთ ისეთი, რასაც ასეთი დაძაბულობისა და ზეწოლის ფონზე მიმდინარე საუბრის გარეშე ვერ შევიტყობდით. შესანიშნავია, რაც გამოიხატება ემოციებით. მივიჩნევ, რომ პრეზიდენტი ზელენესკი მზად არ არის მშვიდობისთვის. ამერიკა თუ ერთვება, ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს საპატიო ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება“, – წერს ტრამპი.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა.
ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტად მყოფი ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა.
„შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ამ ქვეყნის უპატივცემულობაა“, – უთხრა ტრამპმა ზელენსკის.
ტრამპის თქმით, ზელენსკი „მადლიერი“ უნდა იყოს.
უკრაინის ლიდერს „უპატივცემულობაში“ დასდო ბრალი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შეკამათება ჯეი დი ვენსის კომენტარმა გამოიწვია, რომ „ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის გზა არის დიპლომატია და ამ გზას მიჰყვება ტრამპი“.
ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპაცია 2014 წლიდან დაიწყო. ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანეულ მაკრონთან და გერმანიის ყოფილ კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი, თუმცა, ამის მიუხედავად, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციაში არაერთი ლიდერი შეიცვალა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის მხარეს. ამასთან აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ცუდი რამ თქვას რუსეთის ლიდერზე, შემდეგ კი ტელეფონი აიღოს და ვლადიმერ პუტინს ჰკითხოს, როგორ მიდის სამშვიდობო შეთანხმება, რადგან შეთანხმების მიღწევა ასე არ ხდება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სავსეა პუტინის მიმართ ზიზღით.
ამასთან, ტრამპისა და ვენსის გაღიზიანება გამოიწვია ზელენსკის კომენტარმა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დროს პრობლემები ყველას აქვს, თუმცა ისინი ახლა ამას ვერ გრძნობენ, რადგან მათ შორის „ლამაზი ოკეანეა“, თუმცა იგრძნობენ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი ახლა არ არის იმ პოზიციაში, მათ უკარნახოს, რას იგრძნობენ.