Tuesday, February 25, 2025
2.8 C
Tbilisi

აშშ გაეროში ორჯერ მიემხრო რუსეთს უკრაინის შესახებ რეზოლუციების მიღებისას

Reuters-ის ფოტოზე: აშშ-ის ელჩი გაეროში, დოროთი კამილა ში კენჭისყრისას გაეროს უშიშროების საბჭოში

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატები გაეროში ორჯერ დადგა კრემლის მხარეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავზე, რაც ხაზს უსვამს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის ცვლილებას ომის მიმართ.

თავიდან აშშ და რუსეთი ეწინააღმდეგებოდნენ ევროპული რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობდა მოსკოვის ქმედებებს და მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ იორკში მიიღო.

შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში მხარი დაუჭირეს აშშ-ის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებდა კონფლიქტის დასრულებას, მაგრამ არ შეიცავდა რუსეთის კრიტიკას.

უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მიიღეს, მაგრამ აშშ-ის ორმა მთავარმა მოკავშირემ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, თავი შეიკავეს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან, მას შემდეგ, რაც მათ მცდელობას, შეესწორებინათ რეზოლუციის შინაარსი, ვეტო დაედო.

კონკურენტული რეზოლუციები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვაშინგტონში ვიზიტისა და დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრის ფონზე წარადგინეს. როგორც ცნობილია, მაკრონს და ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

ხუთშაბათს, ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სერ კირ სტარმერიც ეწვევა.

როგორც BBC წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ ტრანსატლანტიკური ალიანსი დაარღვია, კრემლისადმი კეთილგანწყობა გამოავლინა და ეჭვი შეიტანა ევროპული უსაფრთხოების თაობაზე ამერიკის გრძელვადიანი ვალდებულების ერთგულებისადმი.

ეს განხეთქილება ორშაბათს გაეროს 193-წევრიან გენერალურ ასამბლეაში გამოჩნდა, როდესაც აშშ-ის დიპლომატებმა თავიანთი რეზოლუცია გააჟღერეს, რომელიც „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის“ დროს სიცოცხლის მოსპობის გამო მწუხარებას გამოხატავდა და მის სწრაფ დასრულებას მოითხოვდა.

ევროპელმა დიპლომატებმა უფრო დეტალური ტექსტი წარადგინეს, რომელშიც რუსეთი დაადანაშაულეს სრულმასშტაბიან შეჭრაში და მხარი დაუჭირეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებმა მხარი დაუჭირეს ევროპულ რეზოლუციას 93 ხმით, მაგრამ, რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეერთებულმა შტატებმა თავი კი არ შეიკავა, არამედ რეალურად მის წინააღმდეგ მისცა ხმა, რუსეთთან, ისრაელთან, ჩრდილოეთ კორეასთან, სუდანთან, ბელარუსთან, უნგრეთთან და კიდევ 11 სახელმწიფოსთან ერთად, 65-მა თავი შეიკავა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ასევე მიიღო აშშ-ის რეზოლუცია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასში უკრაინის მხარდამჭერი ფორმულირების შემცველი ის ცვლილებები შეიტანეს, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა კენჭისყრისას თავი შეიკავა.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები