2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიამ საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირაკლი ნადარეიშვილს მოუსმინა.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა და დღეის მდგომარეობით დაზარალებულად ცნობილია 488 პირი, მათგანს 335 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე დაუბრუნდათ ან ნაწილის მიმართ უკვე დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 77 მილიონი ლარის ღირებულების როგორც უძრავი, ასევე, მოძრავი ქონება.
მისივე თქმით, 2016 წლის 24 ივნისს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე დეპარტამენტმა დაიწყო არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, რომლის ფარგლებშიც უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტი დადგინდა 124 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ და ეს პირები დღეს გამართლებული არიან.
როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საერთო ჯამში დღეის მდგომარეობით გამართლებულია უკვე 143 ყოფილი მსჯავრდებული და მათგან 43 პირი ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს.
„დეპარტამენტის მუშაობის შედეგად ასევე გახსნილი იქნა ცემა – წამების და არაადამიანური მოპყრობის 22 სხვადასხვა ფაქტი, მხილებული იქნა 98 საჯარო მოხელე, სისხლის სამართლებრივი დევნად დაწყებული იქნა 31 მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე იქნა პასუხისგებაში მიცემული და დღეის მდგომარეობით, სამივე საქმეზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი.
ირაკლი ნადარეიშვილმა კომისიის წევრებს, ასევე, დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.
2003-2012 წლების პერიოდში მომხდარ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, კომისიამ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს მოუსმინა.
როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, სამინისტრო პროკურატურასთან ერთად, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საკითხებზე.
„მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით არაერთ სასამართლო პროცესში ვარ ჩართული. იყო შემთხვევები ავტომობილების ჩამორთმევის და მოგვიწევს უკან დაბრუნება იმ პირებისთვის, ვისაც უკანონოდ ჩამოართვეს თავის დროზე. იყო შემთხვევა, როდესაც კერძო მიწაზე აშენდა პოლიციის შენობა და მოგვიწია ჩანაცვლება სხვა ქონებით დაზარალებული პირისთვის. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკანონოდ მოხდა მათი მსჯავრდება, მოგვიწია ამ ადამიანებისთვის როგორც კომპენსაციის გადახდა, ასევე სამსახურში დაბრუნება. საუბარი შეიძლება სხვა უამრავ უკანონო ქმედებაზეც, რომლებზეც უკვე მიმდინარე პროცესებია სასამართლოში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა განაცხადა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა პარასკევს, 21 თებერვალს გაიმართება.
მისი თქმით, სხდომაზე მოსაწვევ პირთა შორის იქნებიან: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე.
„ჩვენი კომისია არ გახლავთ მორიგი ფორმატი, სადაც მხოლოდ საუბრისთვის იკრიბებიან ადამიანები. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს დაკისრებული. მე არ მეგულება, ჩემი ჩათვლით, არც ერთი კომისიის წევრი, რომელიც ამხელა პასუხისმგებლობით იყოს ბოლომდე ბედნიერი იმიტომ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ყოველთვის სერიოზულად ვუყურებთ. ვწუხვართ, რომ ამხელა გამოწვევა გვაქვს, მაგრამ გპირდებით, რომ ამ გამოწვევას თითოეული ჩვენგანი ღირსეულად უპასუხებს და ჩვენ ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვებთ დოკუმენტს, სადაც რეჟიმიც იქნება დახასიათებული ფაქტებზე დაყრდნობით და არა იმის მიხედვით, ვის ვინ მოგვწონს და ასევე, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობაც იქნება იმგვარად დახასიათებული, რომ მომავალ თაობებს შეეძლოთ შეიქმნან ფაქტებზე დაყრდნობით ობიექტური წარმოდგენა თუ ვინ და როგორ მართავდა ჩვენს სახელმწიფოს 2003 – 2012 წლებში. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დასკვნა გამოყენებული იქნება კანონით დადგენილ ფარგლებში იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს, მოისვენოს, დამშვიდდეს და აღარასდროს აღარ დაბრუნდნენ ისინი, ვინც დღესაც ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობს და ახალი და მომავალი თაობების ისეთ საქმიანობებში ჩართვას, რომელიც მათი ხელწერა იყო სწორედ იმ პერიოდში, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.