რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის.
„თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობა და მტკიცე ერთგულება არა მხოლოდ ამ სამიტის ჩატარებას უწყობს ხელს, არამედ მას მართლაც შთამბეჭდავ და გავლენიან შეხვედრად აქცევს.
მხოლოდ ღია და უწყვეტი საუბრით შეგვიძლია ურთიერთგაგების გაღრმავება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ყველას საკეთილდღეოდ. აქ მყოფ გამოჩენილ მონაწილეებს აქვთ ცოდნა და გავლენა, რათა წარმართონ მოვლენები, წაახალისონ პოზიტიური ცვლილებები და შეიტანონ წვლილი მეტად უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავალში.
რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
„ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პარტნიორობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ქვეყანასთან, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო ინტერესები და მიზნები. ჩვენი ხედვები და საერთო მისწრაფებები მყარ საფუძველს ქმნის თანამშრომლობისთვის, რომელიც აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს უწყობს გლობალურ პროგრესს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვან, 9.7 % ეკონომიკურ ზრდას მიაღწია საშუალოდ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. საქართველოს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავს ქვეყნებს შორის და 2022-2024 წლებში საშუალოდ 6%-ს აღემატება.
რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტსა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში. 2024 წელს საქონლის ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 7.3%-იანი ზრდა აჩვენა და ისტორიულ მაქსიმუმს – 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეს უფრო ფართო რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის ეკონომიკურ სტაბილურობას.
„დაბალი და სტაბილური ინფლაცია ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შესაძლოა, განპირობებული იყოს პროდუქტიულობისა და პოტენციური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაუმჯობესებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში და საქართველოს ხელსაყრელი სავაჭრო ჩარჩო საშუალებას აძლევს კომპანიებს, ისარგებლონ 2.3 მილიარდ მომხმარებლიანი ბაზარით, რასაც არ ახლავს საბაჟო თუ იმპორტის ტარიფები.
„მსოფლიო ბანკის ბიზნესგარემოს კვლევით, საქართველო 2024 წელს 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულში აღმოჩნდა სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. ამ კვლევისა და რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისათვის ბიზნესგარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება.
მსოფლიო ბანკის 2023 წლის სამეწარმეო კვლევით შედეგებით, საქართველოს ბიზნესგარემო თითქმის ყველა ასპექტში უკეთესია როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის და ცენტრალური აზიის საშუალო მონაცემებთან შედარებით.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო რჩება მსოფლიოს ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე მესამე ქვეყანად, 9.9%-ით.
ფრეიზერის ინსტიტუტის 2024 წლის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა, წინ უსწრებს ევროკავშირის 19 წევრ სახელმწიფოს და უპირობო ლიდერად გვევლინება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ისევე, როგორც ფართო რეგიონში. გარდა ამისა, საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის მიერ ჩატარებული სახელმწიფო ბიუჯეტის ღიაობის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველი ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობის ნიშნით.
საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველო პირველად მოექცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შეუზღუდავი რეგულირების ინდექსში და კვლავ მე-8 პოზიცია დაიკავა მსოფლიოს ყველაზე ღია ეკონომიკებს შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
ჰერითიჯის ფონდის 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო წინ უსწრებს 19 სახელმწიფოს ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.