საქართველოში ჩვენს მიერ განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიცია მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ, – ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში 6 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ითვალისწინებს.
Emaar ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე.
„ამ საოცარ ქვეყანაში – საქართველოში – ეს უზარმაზარი ინვესტიცია იცით რას გააკეთებს? ის მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, რომლებიც იტყვიან „ოჰო! რაღაც სასწაული ხდება საქართველოში! ჩვენც გვინდა მსგავსის გაკეთება! ჩვენც ვცდით“. ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ. ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივია საქართველოში მუშაობა. გპირდებით, რომ კარგ საქმეს გავაკეთებთ. როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე,“- განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
მისი თქმით, მათთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს მათი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით.
„ბოლო 35 წლის განმავლობაში მსოფლიოს 15 ქვეყანაზე მეტში ვახორციელებთ საქმიანობას, მაგრამ თბილისში პირველად რომ ჩამოვედი სრულიან მომნუსხველი ეფექტი იქონია ქალაქმა ჩემზე თავისი ხალხის სილამაზით, ბუნებისა და არქიტექტურის ხიბლით და ცხოვრების სტილით. თან საოცარი სამზარეულო გაქვთ. შემდეგ ვეწვიე ბათუმს და იქაც განცვიფრებული დავრჩი ქალაქის ენერგეტიკით და სილამაზით.
ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს ჩვენი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით. მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებთ და მხოლოდ მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებ, დიდ ურბანულ განაშენიანებას ვახორციელებ; საცხოვრებელ კომპექსებს, ვილებს, გზებს, ლანდშაფტებს, ხეებითა და ყვავილებით დამშვენებულ ტერიტორიებს, სასტუმროებს, სავაჭრო სივრცეებს, რესტორნებს, ბავშვთა სათამაშო სივრცეებს, ველობილიკებს, სარბენ ბილიკებს, სპორტულ დარბაზებს, სპა ცენტრებს – ყველაფერს ვაშენებთ!
ამდენად, მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება სასიხარულოა. განსაკუთრებით მახარებს ის ენერგეტიკა, რასაც საქართველოში ვგრძნობ, ეკონომიკური სტაბილურობა, ჩვენთვის ყველასთვის ასე კარგად ცნობილი ეკონომიკური ზრდა”, – განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.