ტრამპის თქმით, ეროვნული ერთიანობა ბრუნდება ამერიკაში, თავდაჯერებულობა და სიამაყე უპრეცედენტოდ მაღალია.
„მხარდაჭერა მკვეთრად გაიზარდა საზოგადოების ყველა ფენისგან, ახალგაზრდებისგან და ხანდაზმულებისგან, კაცებისგან და ქალებისგან, აფროამერიკელებისგან, ლათინოამერიკელებისგან, აზიელი ამერიკელებისგან. ქალაქის, გარეუბნების, სოფლის მოსახლეობისგან, და რაც მთავარია, ჩვენ მოვიპოვეთ ძლიერი გამარჯვება შვიდივე მერყევ შტატში. სახალხო კენჭისყრაში მილიონობით ხმით გავიმარჯვეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო შავკანიან და ლათინოამერიკელ თემებს იმ უდიდესი სიყვარულისა და ნდობისთვის, რაც თქვენი ხმებით გამოხატეთ. ჩვენ დავამყარეთ რეკორდები და მე ამას არ დავივიწყებ. მე მოვისმინე თქვენი ხმები კამპანიის დროს და მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას. დღეს მარტინ ლუთერ კინგის დღეა და მის პატივსაცემად ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ მისი ოცნების ასასრულებლად. ჩვენ მის ოცნებას რეალობად ვაქცევთ. ეროვნული ერთიანობა ბრუნდება ამერიკაში, თავდაჯერებულობა და სიამაყე უპრეცედენტოდ მაღალია. ყველაფერში, რასაც გავაკეთებთ, ჩემს ადმინისტრაციას შთააგონებს სრულყოფილებისკენ სწრაფვა და დაუმარცხებელი წარმატება. ჩვენ არ დავივიწყებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კონსტიტუციას და ჩვენს ღმერთს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, მისი ადმინისტრაციის პირობებში ყოველდღე იმუშავებენ, რათა თითოეულ კრიზისს წინ აღუდგნენ ღირსებით, სიძლიერით და სიმტკიცით.
„ბოლო რვა წლის განმავლობაში მე გამოვიარე იმაზე მეტი გამოცდა და გამოწვევა, რაც ყველა სხვა პრეზიდენტს ჩვენს 250-წლიან ისტორიაში. ამავე დროს მე ბევრი რამ ვისწავლე. შემიძლია, გითხრათ, ჩვენი რესპუბლიკის დაბრუნების გზა არ არის მარტივი. მათ, ვისაც სურდათ, შეეჩერებინათ ჩვენი სვლა, სცადეს ჩემი თავისუფლების წართმევა და ჩემი სიცოცხლის წართმევა. სულ რამდენიმე თვის წინ ლამაზ პენსილვანიაში მკვლელის მიერ გასროლილი ტყვია ყურში მომხვდა და ახლა კიდევ უფრო მეტად მჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე უმიზეზოდ არ გადარჩენილა. მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა კვლავ დიადი გავხადო. სწორედ ამიტომ, ამერიკელი პატრიოტების, ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში თითოეული დღე ჩვენ ვიმუშავებთ, რათა თითოეულ კრიზისს წინ აღვუდგეთ ღირსებით, სიძლიერით და სიმტკიცით. ჩვენ ვიმოძრავებთ მიზნით და სიჩქარით, რათა დავუბრუნოთ იმედი, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და მშვიდობა ყველა რასის, ყველა რელიგიის, ყველა ფერის მოქალაქეებს და ვაქციოთ ამერიკელი მოქალაქეებისთვის 2025 წლის 20 იანვარი გათავისუფლების დღედ.
„დღეს ხელს მოვაწერ მნიშვნელოვან აღმასრულებელ ბრძანებებს, ამ ქმედებებით დავიწყებთ ამერიკის სრულ აღდგენას და საღი აზრის რევოლუციას, პირველ რიგში, გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, ყველა უკანონო შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება და დავიწყებთ მილიონობით კრიმინალი უცხოელის დაბრუნებას იქ, საიდანაც მოვიდნენ”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა და დაამატა, რომ ეს გაკეთდება ისეთ დონეზე, როგორიც არავის უნახავს.
„ჩვენ აღვადგენთ ჩემს პოლიტიკას – „დარჩი მექსიკაში“. მე დავასრულებ „დაიჭირე და გაათავისუფლე“ პრაქტიკას და გავგზავნი ჯარებს სამხრეთ საზღვარზე ჩვენი ქვეყნის დამანგრეველი შემოჭრის შესაჩერებლად. დღეს ხელმოწერილი ბრძანებებით, ჩვენ ასევე გამოვაცხადებთ კარტელებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად. 1798 წლის უცხოელ მტერთა აქტის გამოყენებით, მე მივცემ მითითებას ჩვენს მთავრობას, გამოიყენოს ფედერალური და შტატების სამართალდამცავი ორგანოების სრული და უზარმაზარი ძალა ყველა უცხოური ბანდისა და კრიმინალური ქსელის აღმოსაფხვრელად, რომლებიც დამანგრეველ დანაშაულს ჩადიან აშშ-ს ტერიტორიაზე, მათ შორის ჩვენს ქალაქებსა და შიდა უბნებში. როგორც მთავარსარდალს, არ მაქვს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის დაცვა საფრთხეებისა და შემოჭრებისგან. სწორედ ამას გავაკეთებ. ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთ დონეზე, როგორიც არავის უნახავს. შემდეგ, მე მივცემ მითითებას ჩემი კაბინეტის ყველა წევრს, გამოიყენონ მათ განკარგულებაში არსებული ვრცელი უფლებამოსილებები რეკორდული ინფლაციის დასამარცხებლად და ხარჯებისა და ფასების სწრაფად შესამცირებლად. ინფლაციის კრიზისი გამოწვეული იყო ენერგიის მასიური ჭარბი ხარჯვითა და მზარდი ფასებით, ამიტომაც დღეს მე გამოვაცხადებ ეროვნულ ენერგეტიკულ საგანგებო მდგომარეობას. ჩვენ გავბურღავთ“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც 47-ე პრეზიდენტმა აღნიშნა, ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზე, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს და მოკლე დროში შეიცვლება მექსიკის ყურის სახელი ამერიკის ყურედ.
ტრამპის თქმით, პანამის დაპირება აშშ-ის მიმართ დაირღვა.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ გუშინ, ჩემი თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, მძევლები ახლო აღმოსავლეთიდან ბრუნდებიან სახლში, თავიანთ ოჯახებთან. ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზე, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს. მოკლე დროში ჩვენ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს ამერიკის ყურედ. ჩვენ დავაბრუნებთ დიდი პრეზიდენტის, უილიამ მაკკინლის სახელს მაუნტ მაკკინლიზე, სადაც ის უნდა იყოს. პრეზიდენტმა მაკკინლიმ ჩვენი ქვეყანა გაამდიდრა ტარიფებითა და ნიჭით. ის იყო ბუნებით ბიზნესმენი და მისცა თედი რუზველტს ფული მრავალი დიდი საქმისთვის, მათ შორის პანამის არხისთვის, რომელიც უგუნურად გადაეცა პანამას მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა დახარჯა უფრო მეტი ფული, ვიდრე ოდესმე დახარჯულა რომელიმე პროექტზე და დაკარგა 38 000 სიცოცხლე პანამის არხის მშენებლობისას.
ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცნენ ამ უგუნური საჩუქრის გამო, რომელიც არასდროს უნდა გაკეთებულიყო. პანამის დაპირება ჩვენ მიმართ დაირღვა. ჩვენი შეთანხმების მიზანი და ხელშეკრულების სული სრულიად დარღვეულია. ამერიკულ გემებს ზედმეტად ბევრს ახდევინებენ და არ ექცევიან სამართლიანად არანაირი ფორმით, მათ შორის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტსაც. რაც მთავარია, ჩინეთი მართავს პანამის არხს, და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ მიგვიცია. ჩვენ ის პანამას მივეცით. ჩვენ მას უკან ვიბრუნებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტის თქმით, არ არსებობს ამერიკელი ერის მსგავსი ერი, რადან მათმა წინაპრებმა უზარმაზარი კონტინენტის კიდეზე მდებარე პატარა კოლონიების ჯგუფი გადააქციეს დედამიწის ყველაზე განსაკუთრებული მოქალაქეების ძლიერ რესპუბლიკად.
„ამერიკელებმა ათასობით მილი გაიარეს უხეში, დაუმორჩილებელი ველური ბუნების მიწაზე. მათ გადაკვეთეს უდაბნოები, დალაშქრეს მთები, გაუძლეს საფრთხეებს, დაასრულეს ველური დასავლეთი და მონობა, მილიონები იხსნეს ტირანიისგან, მილიარდები – სიღარიბისგან, დაიმორჩილეს ელექტრობა, გახლიჩეს ატომი, კაცობრიობა კოსმოსში გაუშვეს და ადამიანური ცოდნის სამყარო ადამიანის ხელისგულში მოაქციეს. თუ ერთად ვიმუშავებთ, არაფერია ისეთი, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია და არ არსებობს ოცნება, რომლის მიღწევაც არ შეგვიძლია. ბევრს ეგონა, რომ ჩემთვის შეუძლებელი იყო ასეთი ისტორიული პოლიტიკური დაბრუნება, მაგრამ როგორც დღეს ხედავთ, აქ ვარ. ამერიკელმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა. ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ არასდროს უნდა დაიჯეროთ, თითქოს რაღაცის გაკეთება შეუძლებელია. ამერიკაში შეუძლებელი არის ის, რასაც ჩვენ საუკეთესოდ ვაკეთებთ. ნიუ იორკიდან ლოს ანჯელესამდე, ფილადელფიიდან ფინიქსამდე, ჩიკაგოდან მაიამიმდე, ჰიუსტონიდან აქ, ვაშინგტონამდე ჩვენი ქვეყანა შეიქმნა და აშენდა პატრიოტთა თაობების მიერ, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს ჩვენი უფლებებისა და თავისუფლებისთვის. ისინი იყვნენ ფერმერები და ჯარისკაცები, კოვბოები და ქარხნის მუშები, მეფოლადეები და მეშახტეები, პოლიციელები და პიონერები, რომლებიც წინ მიიწევდნენ, წინ მიაბიჯებდნენ და არცერთ დაბრკოლებას არ აძლევდნენ მათი სულისა და სიამაყის დამარცხების უფლებას. ერთად დააგეს რკინიგზები, ააშენეს ცათამბჯენები, გაიყვანეს დიდი გზატკეცილები, მოიგეს ორი მსოფლიო ომი, დაამარცხეს ფაშიზმი და კომუნიზმი, გაუმკლავდნენ ყველა გამოწვევას, რომელსაც შეხვდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, დღეიდან ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ერი.
„ყველაფრის შემდეგ, რაც ერთად გადავიტანეთ, ჩვენ ვდგავართ ამერიკის ისტორიის ოთხი საუკეთესო წლის მიჯნაზე. თქვენი დახმარებით, ჩვენ აღვადგენთ ამერიკის დაპირებას და ხელახლა ავაშენებთ ერს, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი ოჯახი და ერთი დიდებული ერი ღმერთის ქვეშ. ასე რომ, ყველა მშობელს, ვინც თავისი შვილისთვის ოცნებობს და ყველა ბავშვს, ვინც თავისი მომავლისთვის ოცნებობს – მე თქვენთან ვარ. მე ვიბრძოლებ თქვენთვის და გავიმარჯვებ თქვენთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, როგორც არასდროს. ბოლო წლებში ჩვენმა ერმა ბევრი იტანჯა, მაგრამ ჩვენ დავაბრუნებთ მას და კვლავ დიადს გავხდით, უფრო დიადს, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვიქნებით ერი, რომლის მსგავსიც არ არსებობს, სავსე თანაგრძნობით, სიმამაცითა და განსაკუთრებულობით. ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს და მოიტანს ერთიანობის ახალ სულს მსოფლიოში, რომელიც გაბრაზებული, ძალადობრივი და სრულიად არაპროგნოზირებადი იყო. ამერიკას კვლავ პატივს სცემენ და აღფრთოვანდებიან, მათ შორის რელიგიის, რწმენისა და კეთილი ნების ხალხი. ჩვენ ვიქნებით წარმატებულები. ჩვენ ვიქნებით ამაყები. ჩვენ ვიქნებით ძლიერები და გავიმარჯვებთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ არ დავმარცხდებით. ჩვენ არ შევშინდებით. ჩვენ არ გავტყდებით და ჩვენ არ ჩავფლავდებით. ამ დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ერი. ჩვენ მამაცურად ვიდგებით. ჩვენ ამაყად ვიცხოვრებთ. ჩვენ გაბედულად ვიოცნებებთ. ვერაფერი დაგვიდგება ჩვენს სავალ გზაზე, რადგან ჩვენ ვართ ამერიკელები. მომავალი ჩვენია და ჩვენი ოქროს ხანა მხოლოდ ახლა იწყება“, – განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი.
„წლების განმავლობაში გამოხატვის თავისუფლების უკანონო და არაკონსტიტუციური შეზღუდვების შემდეგ, მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას სამთავრობო ცენზურის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად და ამერიკაში სიტყვის თავისუფლების დასაბრუნებლად. აღარასდროს იქნება სახელმწიფოს უზარმაზარი ძალაუფლება გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, რაც მე კარგად ვიცი. ჩვენ არ დავუშვებთ ამის განმეორებას. ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენ აღვადგენთ სამართლიან, თანასწორ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას კონსტიტუციური კანონის ფარგლებში. ჩვენ დავაბრუნებთ კანონსა და წესრიგს ჩვენს ქალაქებში. ამ კვირას მე ასევე დავასრულებ მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს რასისა და გენდერის სოციალურ ინჟინერიას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში. ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელიც ფერებს არ განასხვავებს და დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება. დღეიდან აშშ-ს მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი“, – განაცხადა ტრამპმა.