ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
როგორც კლინიკის ემერჯენსის განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს კვლევები ჩაუტარდა, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გახარიამ საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.
„მოქალაქე მოიყვანეს 02:34 წუთზე, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მისი გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გაეწერა კლინიკიდან. საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მაგრამ საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.
გიორგი გახარიას ბათუმში თავს გვიან ღამით დაესხნენ.