GUARDIANGE – მინიმუმ ხუთ ადგილას მძვინვარებს ამჟამად ტყის ხანძარი ლოს ანჯელესში და მის მეზობელ ვენტურის ოლქში და ყველა მათგანი, გარდა ერთისა, სრულიად უკონტროლოა.
5 ადამიანი დაიღუპა და 137 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ლოს ანჯელესის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ტყის ხანძრის შედეგად.
BBC-ის ცნობით, სრული ქაოსია ჰოლივუდში, სადაც ქუჩები ჩახერგილია და სქელი კვამლის საბურველში გახვეული ადამიანები თავიანთი კუთვნილი ნივთების, რაც კი შეუძლიათ, ყველაფრის, უსაფრთხო ადგილას გადატანას ცდილობენ.
სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა BBC-ის განუცხადა, რომ „ჰოლივუდ ჰილსის“ ხანძარი სწრაფად ფართოვდება და მისი შეკავების „ნულოვანი“ შანსი არსებობს. პარიზ ჰილტონი იმ ვარსკვლავებს შორისაა, რომლებიც თავიანთი სახლების დაკარგვის გულისტკივილს აღწერენ.
მეხანძრე-მაშველები წყლის ნაკლებობას განიცდიან და წყალს საცურაო აუზებიდან და ტბორებიდან იღებენ.
ლოს-ანჯელესის მერი კარენ ბასი ხანძრის გაჩენის დროს ქალაქში მისი არყოფნის გამართლებას ცდილობს. მას აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ გასულ ზაფხულს სახანძრო დეპარტამენტის ბიუჯეტი $17 მილიონით შეამცირა.
ტყის ხანძარი, რომელიც კალიფორნიის შტატში, პალისადეს ტერიტორიაზე 7 იანვარს დაიწყო, ლოს ანჯელესის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი გახდა და ქარის მაღალი სიჩქარის გამო, კვლავ შეუკავებლად ვრცელდება.