Wednesday, January 8, 2025
2.8 C
Tbilisi

[ვიდეო] ილია მეორე: უნდა გაძლიერდეს ჩვენი ეპარქიები უცხოეთში, რადგან იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა

ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ მისი აღსაყდრების 47 წლისთავის აღსანიშნად საპატრიარქო რეზიდენციაში შეკრებილ სინოდის წევრებთან განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა. ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენით. გისურვებთ დიდ წარმატებებს. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ მოლოცვისთვის, ღმერთი ჩვენთან არის, მეც თქვენთან ერთად ვარ, თქვენ ჩემთანა ხართ“, – აღნიშნა ილია მეორემ.

ამასთან, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ილია მეორეს მიმართა: „ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, რაც ახლა შეიძლება, თანამედროვე ადამიანმა ვერ გაიგოს, რას ნიშნავს, თქვენ ამოეწერეთ თბილისიდან და ჩაეწერეთ სოფელ ფოკაში. ეს იყო ისტორიული მოვლენა. ფაქტობრივად, აქედან დაიწყო ქართული სიტყვის ქადაგება მაშინ, როდესაც, შეიძლება ითქვას, ეს მხარე თითქმის დაკარგული იყო ქართველებისთვის“.

ილია მეორემ გაიხსენა, თუ როგორი წინააღმდეგობა წარმოიშვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მისი ნინოწმინდის რაიონის (მაშინდელი ბოგდანოვკის რაიონი) სოფელ ფოკაში ჩასვლისას.

„იქ გადაკეტილი იყო, პოსტი იდგა და წავედით მანქანებით, რომ გავსულიყავით. არ გაგვიშვეს. მე ვუთხარი, საქართველოს პატრიარქი ვარ. მე მაქვს უფლება, გავიდე. არ გაქვთო. და მერე გადავწყვიტეთ, რომ სახლი შეგვეძინა. იყო თავმჯდომარე ქართველი კაცი, ის მხარს გვიჭერდა. როდესაც ფორმდებოდა სახლის საბუთი, მთელი სოფელი შეიკრიბა ჩვენს ეზოში. პატრონს ლანძღავდნენ, რატომ ყიდი ქართველებზეო. მე ვგრძნობდი, რომ ეს წინააღმდეგობა იქნებოდა და მე გამოვედი და ვუთხარი ხალხს: რატომ გვკარგავთ? ჩვენ თქვენთვისაც ვიშრომებთ და გავაფორმეთ სახლი. ახლა გვეხვეწებიან იყიდეთ სახლები. და ამოვეწერე თბილისიდან და ჩავეწერე ფოკაში. ასე დაიწყო ჩვენი სვლა“, – ამბობს ილია მეორე საქართველოს საპატრიარქოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც საპატრიარქოს ცნობით, 2024 წლის 25 დეკემბერს არის ჩაწერილი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები