Thursday, January 9, 2025
3.8 C
Tbilisi

სალომე ზურაბიშვილი: „მე აქედან [ორბელიანების სასახლიდან] გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები… ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლეს დატოვებს და ხალხის გვერდით იქნება.

„მინდა, პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს, რადგან დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქით არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება. იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, რადგან ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების, აგერ არის ეს გისოსები და არ გვეშინია. მინდა, თქვენ გითხრათ და ჩაგაბაროთ ანგარიში. ექვსი წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ მე დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, ვიქნები მე სასახლეში, თუ სასახლის გარეთ. აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.

ეს შენობა არავისი არ არის, ეს შენობა იყო სიმბოლო, ვიდრე აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა. ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად. მინდა, რომ ახლა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილი ხალხისადმი სიტყვით მიმართვისას.

ზურაბიშვილმა მთავარ მოთხოვნად აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარება დაასახელა.

„ეს უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე. ეს არჩევნები ჩატარდება და სხვა გზა არ არის. ეს არის რეალური გამოსავლი კრიზისიდან. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ ამ ახალი არჩევნებისთის ახალი ძალებიც უნდა მოემზადონ.

„უნდა დავსხდეთ და ძალიან სერიოზულად შევისწავლოთ, როგორ უნდა იყოს ის დეტალური მოთხოვნები, რომ მერე არავინ, არასოდეს არ მოატყუოს ქართველი ხალხი. ფარულობა, არაინტიმიდაცია და უნივერსალობა იმ მხრივ, რომ ჩვენმა დიასპორამ მიიღოს ის, რაც არის მისი საკუთარი უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის მომავალში, რადგანაც ისინიც, როგორც ჩვენ არიან ამ ქვეყნის მომავალი. ამ კონკრეტული არჩევნებისთვის პირობების შექმნას და დეტალურად და დოკუმენტურად ამის დადებაზე ვიმუშავებ მე ყველასთან ერთად, ვინც ამ საქმეში იყო და არის ჩართული. იმისთვის, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში დავდოთ ეს დოკუმენტი და იყოს ეს ჩვენი არჩევნების მოთხოვნასთან ერთად. ეს არ არის ლოზუნგი, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ეს არ არის რაღაც ისეთი რიტორიკული განცხადება, ეს არის რეალური მოთხოვნა და ამიტომ უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმით, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი. პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომელიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისინიც უნდა იყვნენ მზად, ვინც აპირებს, რომ ხვალინდელი ქვეყნის პოლიტიკაში იყოს, თქვენი ჯერია და მოემზადეთ. ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით. უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია, რადგან თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი არჩევნები არ იქნება და არც თავისუფალი საზოგადოება. თავისუფალი ინფორმაცია არის დემოკრატიული ქვეყნის აუცილებელი ნაწილი. ამიტომ ეს ჩვენი ყველასი და პირადად ჩემიც, ვალდებულებაა, რომ ჩვენ დავიცვათ აქ მყოფი მედია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა,

მან აღნიშნა, რომ მოივლის საქართველოს რეგიონებს და ასევე განახორციელებს საზღვარგარეთ „ოფიციალურ“ ვიზიტებს.

სალომე ზურაბიშვილმა თითქმის ნახევარსაათიანი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ორბელიანების სასახლე დატოვა და აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები