Wednesday, December 25, 2024
5.8 C
Tbilisi

სამშენებლო კომპანია M²-ს მობინადრე სასამართლოში უჩივის – რა ხდება კომპანიის მიერ აშენებულ ერთ-ერთ კომპლექსში

სამშენებლო კომპანია M² შესაძლოა დიდ სკანდალში გაეხვიოს. საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ NSP.GE-ს რესპონდენტი ამავე კომპანიის მიერ აშენებულ კომპლექსში ცხოვრობს, რომელიც თამარაშვილის #6-ში მდებარეობს.

მისი განცხადებით, ამ კომპანიასთან თანამშრომლობა და თამარაშვილის კომპლექსში ფართის შეძენა სწორედ ისეთი შეთავაზებული პირობების გამო გადაწყვიტა, რაც თავის დროზე ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა, თუმცა, მოგვიანებით, სწორედ ეს სერვისები გახდა იმის მიზეზი, რის გამოც მობინადრე კომპანიის მიმართ სასამართლო დავის დაწყებას აპირებს:

“მეცინება, როდესაც კომპანია M²-ის რეკლამებს ვუსმენ, რომლის სლოგანიცაა – „იცხოვრე უკეთესად“…

პირველად, კომპანია M²-ს “მაღალ სტანდარტებში” ეჭვი მაშინ შემეპარა, როდესაც კორპუსის ჩაბარებამდე ორიოდე კვირით ადრე ჩემ ბინას დასათვალიერებლად ვესტუმრე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი მომავალი ბინის სველი წერტილი, მშენებლების ტუალეტად იყო გამოყენებული. კომპანიის მენეჯმენტისადმი მიმართვიდან დაახლოებით ათდღიანი მონაკვეთის შემდეგ მივაღწიე, რომ ჩემი მომავალი ბინის სველ წერტილში დამონტაჟებული  სანტექნიკის ის აქსესუარები, რომლებსაც მშენებლები იყენებდნენ, ახლით შევაცვლევინე.

ანუ, გამოდის, რომ ახალ ბინაში რეალურად ნახმარ უნიტაზს ვყიდულობდი.

თუმცა ეს არაფერია იმ ფაქტებთან შედარებით, რასაც მოგვიანებით ჰქონდა ადგილი და რის გამოც თქვენს გამოცემას ვესაუბრები.

მოკლედ, როდესაც მე გადავწყვიტე ამ კომპანიის მიერ აშენებულ კომპლექსში ფართის შეძენა, დამპირდნენ, რომ კომპლექსის მთელი ტერიტორია იქნებოდა დაცვის სამსახურით უზრუნველყოფილი და გაკონტროლდებოდა ტერიტორიაზე შემსვლელი როგორც მოქალაქეები, ასევე სატრანპორტო საშუალებები.

კომპლექსის დაცვა საწყის ეტაპზე ამ მოვალეობას მეტნაკლებად ასრულებდა, თუმცა მოგვიანებით სისტემა პრაქტიკულად მოიშალა და ეზოში შესასვლელი შლაგბაუმები ხშირად გახსნილ მდგომარეობაში იყო მიტოვებული.

შემთხვევა, რომელზეც ახლა გიყვებით, პირადად შემემთხვა, როდესაც კომპლექსის ტერიტორიაზე, ჩემ საკუთრებაში, ჩემი ნებართვის გარეშე ჩემთვის არასასურველმა პირმა შეაღწია. როდესაც მე დაცვის თანამშრომელს მოვთხოვე განემარტა, რატომ შემოუშვა პირი ტერიტორიაზე ჩემი ნებართვის გარეშე, ის პირიქით აგრესიაზე გადმოვიდა და ჩემი პირადი ცხოვრების გარჩევა დაიწყო.

მოგვიანებით, კომპანიის მენეჯმენტიდან მაცნობეს, რომ აღნიშნული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, კომპლექსის მობინადრეები ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას ვიხდიდით იგივე დაცვის სამსახურის და ა.შ. მომსახურებისთვის.

ცოტა ხნის წინ, მე ოფიციალურად მივმართე კომპანიის მენეჯმენტს საიდანაც მიპასუხეს, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე შემსვლელთა კონტროლი დაცვის მოვალეობა არ ყოფილა (?!)

ვციტირებ ფრაგმენტს კომპანიის მენეჯმენტის წერილიდან:

  • კომპანიის დაცვის თანამშრომლის ერთადერთი ფუნქცია არის მოახდინოს კორპუსის ტერიტორიაზე შემომავალი და გამავალი ავტომობილების ნაკადის მოწესრიგება (შლაგბაუმის გახსნის გზით). დაცვის თანამშრომელს არ ევალება დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა, დაცვის თანამშრომელს, ასევე, არ ევალება რომელიმე მაცხოვრებლის/სტუმრის ტერიტორიაზე შესვლის ხელშეშლა ან აღკვეთა, შესაბამისად, დაცვის თანამშრომელი ასეთი მითითების არსებობის შემთხვევაშიც კი, ვერ შეასრულებდა მითითებას.

ახლა კი ვნახოთ რა წერია ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანია  M²-მა გამიფორმა და სადაც დაცვის სამსახურის ფუნქცია – მოვალეობებია გაწერილი:

“მხარეები თანხმდებიან, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულებაში გათვალისწინებულია გამყიდველის მიერ მყიდველისთვის დამატებითი მომსახურების გაწევა. დამატებით მომსახურებაში მხარეები გულისხმობენ:

უზრუნველყოს საცხოვრებელი კომპლექსის დაცვა, რაშიც იგულისხმება:

ა) ეზოს პერიმეტრზე უსაფრთხოების კამერების 24-საათიანი მუშაობა;

ბ) უსაფრთხოების კამერების მეშვეობით მთავარი შესასვლელისა და ტერიტორიის მუდმივი კონტროლი;

გ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

დ) ობიექტის ტერიტორიაზე შემომსვლელ-გამსვლელთა კონტროლი;

ე) დღეში სამჯერ ეზოსა და ავტოსადგომის ტერიტორიის შემოვლა…

ანუ, გამოდის, რომ კომპანიამ თავის დროზე ხელშეკრულებით აიღო ვალდებულებები, რომლისთვისაც მე წლებია საკმაოდ სოლიდურ თანხას ვიხდი, დღეს კი აღმოჩნდა, რომ დაცვის სამსახურის ფუნქცია, პრაქტიკულად მხოლოდ ღილაკზე უკონტროლოდ თითის დაჭერა ანუ შლაგბაუმის გახსნა და დახურვა ყოფილა.

მე აღნიშნულთან დაკავშირებით კვლავ მივმართე წერილობით კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა, მათი მხრიდან აბსოლუტური დუმილია.

მოგვიანებით, ჩემი ინფორმაციით, (ვინაიდან აღნიშნულ კომპლექსში არ ვცხოვრობ) თამარაშვილის კომპლექსში დაცვის სამსახური გააუქმეს და ტერიტორიაზე შესასვლელად უკვე მობილური აპლიკაციაა საჭირო, რომელიც კომპლექსის მენეჯერის თანხმობით უნდა გააქტიურდეს.

როგორც არმოჩნდა, კომპლექსში არსებულ ჩემ ორივე საკუთრებაზე, კომპლექსის მენეჯერმა მობილური აპლიკაციები ჩემი, ანუ მფლობელის ნებართვის გარეშე გაააქტიურა.

კომპლექსის მენეჯერს, ვინმე ბრეგვაძეს მე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მივმართე და კატეგორიულად მოვითხოვე, ჩემს ერთ-ერთ საკუთრებაზე გაცემული აპლიკაციის გაუქმება, რაზეც პრაქტიკულად პასუხიც კი არ მიმიღია.

ანუ მე, მობინადრეს და მყიდველს, რომელმაც ძალიან დიდი თანხა გადავუხადე კომპანიას, მიკეთებენ სრულ იგნორს.

შესაბამისად, მე ვიწყებ კომპანია M²-თან სამართლებრივ დავას, რაც აუცილებლად წარიმართება საზოგადოების ინფორმირებულობის მაღალი სტანდარტით და ამაში აუცილებლად იქნება ჩართული მასმედია და უფლებადაცვითი ორგანიზაციები.

გარდა ამისა, მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება კომპანიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, რომლის შინაარსსაც, ამჟამად, გასაგები მიზეზების გამო არ დავასახელებ და გამოძიების მიერ შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, კომპანია M² შესაძლოა უდიდეს სკანდალში გაეხვიოს” – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

P.S. საინფორმაციო – შემეცნებითი პორტალი NSP.GE კომპანია M²- თთან დაკავშირებით ახალ მასალას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

P.P.S. მიუხედავად კომპანია M²-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ კითხვებზე პასუხის გაუცემლობისა, საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გამოთქვამს მზადყოფნას, კომპანია M²-ის სურვილის შემთხვევაში, გამოაქვეყნოს მათი პოზიცია.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები